ევროკავშირი Airbnb-ისა და Uber-ის მსგავს პლატფორმებს დღგ-ს დაუწესებს

ევროკავშირი იმ პლატფორმებიდან, რომლებიც სახლის მოკლევადიანი გაქირავებისა და ტაქსის სერვისებს უზრუნველყოფენ, დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ-ის) აკრეფის შესახებ ახალი წესების შემოღებას გეგმავს.

ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე ვრცელდება.

პლატფორმების ოპერატორებს, როგორიც Airbnb და Uber-ია, დღგ-ის შეგროვება და ჩარიცხვა იმ შემთხვევებში მოეთხოვებათ, როცა მათი სერვისის მიმწოდებლები, ანუ მძღოლები ან საცხოვრებლის მფლობელები ამ გადასახადს თავად არ იხდიან.

ამჟამად, ამ პლატფორმებზე ინდივიდუალური მიმწოდებლებისა და მცირე ბიზნესის უმეტესობა დღგ-ს არ იხდის. მიზეზი ის არის, რომ ისინი ხშირად საგადასახადო ვალდებულებებისთვის არ რეგისტრირდებიან ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ამ ვალდებულებების შესახებ არ იციან.

ახალი სისტემა მიზნად ისახავს, სატრანსპორტო და გაქირავების ტრადიციულ სერვისებსა და ონლაინ-პლატფორმებს შორის სამართლიანი კონკურენცია უზრუნველყოს. ცვლილებების თანახმად, პლატფორმის ოპერატორი „მიმწოდებლად“ ჩაითვლება და დღგ-ს უშუალოდ მომხმარებლისგან შეაგროვებს, რაც შემდეგ საგადასახადო ორგანოებს გადაეცემა.

ამასთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უფლება ექნებათ, საგადასახადო მიზნებისთვის მოკლევადიანი გაქირავების განმარტება გააფართოონ და მცირე და საშუალო ბიზნესი ახალი წესებისგან გაათავისუფლონ.

თავად პლატფორმებს ადაპტაციისთვის და ახალი მოთხოვნების დასანერგად მოკლე გარდამავალი პერიოდი მიეცათ.

ევროკავშირის განმარტებით, ამ ცვლილებებით წევრი ქვეყნების ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლები გაიზრდება და მომსახურების ბაზარზე თანაბარი პირობები შეიქმნება.

გადაწყვეტილება ევროპარლამენტთან კონსულტაციისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ მისი ოფიციალური მიღების შემდეგ შევა ძალაში.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ