ლუკაშენკოს აფხაზეთში 20 ჰექტარი გადაეცა?! - დე ფაქტო პროკურატურის პასუხი ბელარუს ჟურნალისტს

აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურა არ რეაგირებს ბელარუსი გამომძიებელი ჟურნალისტების მასალაზე, რომლის მიხედვითაც 20 ჰექტარი ზღვისპირა მიწის ნაკვეთი კორუფციული გარიგებით ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ასოცირებულ კომპანია „ჟემჩუჟინა 2010“-ს გადაეცა.

ინფორმაცია ბელარუსის საგამოძიებო ცენტრის (Belarusian Investigative Center- BIC) ვებგვერდზე ვრცელდება.

კერძოდ, BIC-ის ჟურნალისტებს დე ფაქტო გენერალური პროკურორი, ადგურ აგრბა პასუხობს, რომ უწყება მიზანშეუწონლად მიიჩნევს ჟურნალისტურ გამოძიებაზე რეაგირებას, რადგან ასეთი ბრალდებების მიზანი აფხაზეთ-ბელარუსს შორის ურთიერთობების, ასევე, უშუალოდ ლუკაშენკოს დისკრედიტაციაა.

მეტიც, აგრბა ამბობს, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სტრუქტურებისადმი მსგავსი პროვოკაციული მიმართვების განმეორების შემთხვევაში, მათი ავტორები დაუყოვნებლივ გაიგზავნება ცნობილი მარშრუტით, რომელიც სამი ასოსგან შედგება.“

ცნობისთვის: 2022 წლის სექტემბერში ალექსანდრ ლუკაშენკო აფხაზეთს ეწვია და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა. მეორე დღეს აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა დაამტკიცა წინადადება შპს „ჟემჩუჟინა 2010“-ისთვის ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში სანატორიუმ-საკურორტო კომპლექსის ასაშენებლად ნაკვეთის გადაცემის შესახებ.

BIC-ის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ კომპანია „ჟემჩუჟინა 2010“-ს ორი მფლობელი ჰყავს. კერძოდ, 10% აფხაზეთის ე.წ. მოქალაქის, დათო კვიცინიას სახელზე, ხოლო 90% ბელარუსულ კომპანია „Termaliya“-ზე არის რეგისტრირებული. ამ კომპანიის მესაკუთრე ალექსანდრე ლუკაშენკოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელია.

კომპანიას, ფაქტობრივად, ლუკაშენკოს საქმეთა მმართველის ყოფილი პირველი მოადგილე, ნიკოლაი სელივანოვი მართავს, რომელიც უწყებაში მუშაობისას ლუკაშენკოს ახლო მოკავშირეს, ვიქტორ შეიმანს ექვემდებარებოდა. იმის მიუხედავად, რომ შეიმანს ოფიციალური თანამდებობები აღარ უკავია, ის 2022 წლის სექტემბერში, აფხაზეთში ვიზიტის დროს ლუკაშენკოს პირადად ახლდა.

BIC-ის მიერ შეგროვებული ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ კომპანია „ჟემჩუჟინა 2010“-ის უკან შესაძლოა, თავად ალექსანდრე ლუკაშენკოს ინტერესები იდგეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ