„ჯავშნები ერთი თვით გადაიდო - ტურისტები ცდილობენ, უფრო სტაბილურ პერიოდში ჩამოვიდნენ“

„ჯავშნები ჩვენთან არ გაუქმებულა, თუმცა, ტურისტები ცდილობენ, ჩამოვიდნენ უფრო სტაბილურ პერიოდში და ჯავშნები ერთი თვით გადაიდო“ - ამის შესახებ bpn.ge-სთან „ინ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ერეკლე კოკაიამ ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე არჩევნების და პროცესების პარალელურად, ჯერჯერობით რამე დრამატული ცვლილება არ ყოფილა და მიმდინარე სეზონზე, „ინ ჯგუფის“ სასტუმროები საშუალოდ 50-60%-ით არის დატვირთული.

„ჯერჯერობით რამე დრამატული ცვლილება არ ყოფილა. როგორც მოდიოდა ჯავშნები, ახლაც ასე არის. უბრალოდ, შედარებით ნაკლებად აქტიური სეზონია. ნოემბერში 50%-დან 60%-მდე მერყეობს დატვირთულობა. თუმცა, ქუთაისში 80%-მდეა, იქ მოთხოვნა ისევ მაღალია.

რაც შეეხება ჯავშნების გაუქმებას, ჩვენთან ასეთი შემთხვევები არ ყოფილა. თუმცა, ტურისტები ცდილობენ, ჩამოვიდნენ უფრო სტაბილურ პერიოდში და ჯავშნები ერთი თვით გადაიდო.

ამ დროისთვის, ჩამოდიან უფრო არაბული ქვეყნებიდან, ტაილანდიდან, ქუთაისში ასევე ძალიან ბევრი ევროპელია, რადგან პირდაპირი ფრენები იქიდან არის, ისრაელიც, ასე თუ ისე, აქტიურობს. მართალია, მათ თავისი პრობლემები აქვთ, მაგრამ ზამთარში მათი მხრიდან მოთხოვნა მაინც იზრდება. ისე კი, განსხვავებული ვითარებაა რეგიონების მიხედვით, მაგალითად, გუდაურში ლიეტუვაც საკმაოდ აქტიურია.

ასევე, ყოველწლიურად მზარდია ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა. არჩევნების პერიოდში შედარებით შემცირებული იყო, თუმცა, ზოგადად, მათი აქტივობა მაინც მაღალია, განსაკუთრებით, თბილისის შემოგარენში“,- ამბობს ერეკლე კოკაია.

ნინი ქეთელაური