ერთ თვეში 2 306 საჩივარი დაიწერა - რა პრეტენზიები აქვთ კომერციულ ბანკებთან მომხმარებლებს

2024 წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიმართ პრეტენზიები გაიზარდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს სექტემბერში ბანკების მიმართ 2 306 საჩივარი დაიწერა, 2023 წლის იგივე პერიოდში -2 222.

ამასთან, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის სექტემბერში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან, ყველაზე მეტი მიმდინარე ანგარიშებზე, სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათთან დაკავშირებით დაფიქსირდა.

უფრო კონკრეტულად, პროდუქტების მიხედვით საჩივრების ხუთეული (2024 წლის სექტემბერში) ასე გამოიყურება:

  • მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათი - 1481განაცხადი;
  • სამომხმარებლო სესხი - 258 განაცხადი;
  • საკრედიტო ბარათი - 68 განაცხადი;
  • ინტერნეტბანკი – 62 განაცხადი;
  • იპოთეკური სესხი - 59 განაცხადი.

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესული საჩივრებიდან ყველაზე მეტი განაცხადი - 1305 ტრანზაქციებზე მოდის, შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება - 469საჩივრით, მე-3 ადგილზეა ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიები - 178განაცხადით.

ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის სექტემბერში 2 306 საჩივრიდან ბანკებმა 1174 განაცხადი - უსაფუძვლოდ, 504 - საფუძვლიანად მიიჩნიეს; 621 განაცხადის შემთხვევაში განხილვა ისევ მიმდინარეობს. 7 განაცხადის შემთხვევაში განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება.

ნინი ქეთელაური