„გურჯაანმა სატრანსპორტო ჰაბის ფუნქცია უნდა იტვირთოს“ - რა წერია მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმაში

გურჯაანის მუნიციპალიტეტმა სივრცითი დაგეგმარებისა და განაშენიანების გეგმა დაამტკიცა. დოკუმენტში საუბარია სარეზერვო, საწარმოო და გეგმარებით არეალების განვითარების პირობებზე. ამასთანავე, მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს დათმობილი გურჯაანის სატრანსპორტო მიმართულების განვითარებას.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კახეთის თითქმის ყველა დიდი ქალაქი თბილისს გურჯაანის გავლით უკავშირდება, რითაც გურჯაანი შესამჩნევად ჯაბნის კახეთის ადმინისტრაციულ ცენტრ თელავს. ამ თვალსაზრისით სავსებით გამართლებულია გურჯაანმა იტვირთოს სატრანსპორტო ჰაბის ფუნქცია.

„კახეთის გეგმარებითი რეგიონი ცხრა ქალაქისაგან შედგება - ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, ყვარელი, სიღნაღი და წნორი. ამ ქალაქებიდან ბოლო ორი ქალაქია სიღნაღის შემადგენლობაში. ყველა დანარჩენი, საკუთარი დასახელების მუნიციპალიტეტის ერთადერთ ქალაქს და მუნიციპალიტეტის ცენტრალურ დასახლებას წარმოადგენს.

გურჯაანის გამორჩეულ და სპეციფიკურ ნიშან-თვისებათა შორის თვალსაჩინოა გურჯაანის შემკრები/ცენტრალური მდებარეობა კახეთის რეგიონში. თბილისი შიდა კახეთის სასოფლო აგლომერაციის უწყვეტ ჯაჭვს, რომელიც სოფელ კარდენახიდან თელავამდეა გადაჭიმული, მის შუა წელში, გურჯაანთან უკავშირდება.

თავის მხრივ, გურჯაანი პირდაპირი და დამოუკიდებელი სატრანსპორტო მაგისტრალით უკავშირდება საგარეჯოს, თელავის, ყვარლის, ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ქალაქებს, ხოლო თელავისა და სიღნაღის გავლით - ახმეტასა და დედოფლისწყაროს. შიდა კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის ცენტრალური ქალაქის უმეტესი ნაწილი გურჯაანის გავლით უკავშირდება ქვეყნის დედაქალაქს.

სატრანსპორტო კავშირების კონცენტრაციით, გურჯაანი შესამჩნევად ჯაბნის კახეთის ადმინისტრაციულ ცენტრ თელავს. ამ თვალსაზრისით სავსებით გამართლებულია გურჯაანმა იტვირთოს სატრანსპორტო ჰაბის ფუნქცია. (მიუხედავად იმისა რომ, თელავი გომბორის გავლით თბილისსაც უკავშირდება, ამით გურჯაანის მდებარეობის უპირატესობა არ მცირდება)“, - აღნიშნულია გურჯაანის განაშენიანების შესახებ დოკუმენტში.

მერი ტაბატაძე