ტრამპი ჩინურ საქონელზე ტარიფების 60%-მდე ზრდას გეგმავს - როგორი იქნება ჩინეთის ეკონომიკაზე ეფექტი

Macquarie Group Ltd-ის პროგნოზის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში დონალდ ტრამპის მეორე ვადით გამარჯვებამ შესაძლოა, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 2 პროცენტული პუნქტით შეამციროს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებებს შორის იყო ჩინურ საქონელზე ტარიფების 60%-მდე ზრდა, რაც მომდევნო წელს ჩინეთიდან ექსპორტს 8%-ით შეამცირებს. Macquarie-ის პროგნოზით, შედეგად, ჩინეთის მშპ-ზე ზეწოლა მნიშვნელოვანი იქნება და ეფექტის შესამცირებლად ჩინეთს მოუწევს შიდა მოთხოვნის სტიმულირება.

Bloomberg-ი წერს, რომ 60%-იანი ტარიფების დაწესების შემთხვევაში, ჩინეთს ეკონომიკის მხარდასაჭერად დამატებით 3 ტრილიონი იუანის გამოყოფა მოუწევს, რაც დაახლოებით 420 მილიარდი ამერიკული დოლარის ეკვივალენტია.

„სავაჭრო ომს შეუძლია დაასრულოს ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ის მოდელი, სადაც ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი შიდა წარმოება და ექსპორტია. მომდევნო პერიოდში ეკონომიკური ზრდის მთავარი მასტიმულირებელი შესაძლოა, გახდეს ისევ შიდა მოთხოვნის ზრდა, როგორც ეს იყო 2010-იანი წლების პერიოდში“, - პროგნოზირებენ ეკონომისტები.

გარდა ჩინეთისა, ტრამპის ერთ-ერთი დაპირება ეხებოდა იმპორტზე 10%-დან 20-მდე ტარიფების ზრდას. Bloomberg-ის ანალიზით, თუ ავიღებ ტარიფების მაქსიმალური 20%-ით ზრდას, ამ შემთხვევაში 2028 წლისთვის ამერიკის მშპ-ი მინიმუმ 0.8%-ით შემცირდება.

მერი ტაბატაძე