როგორ რეაგირებენ საფონდო ბირჟები ტრამპის გამარჯვებაზე

მსოფლიო საფონდო ბირჟები საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას მეტწილად დადებითად გამოეხმაურნენ. მნიშვნელოვანი ვარდნა მხოლოდ ჩინეთის ბაზარზე დაფიქსირდა, რაც, სავარაუდოდ, ახალი პრეზიდენტის პირობებში აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის შესაძლო ესკალაციის გამო ინვესტორების შეშფოთებით არის გამოწვეული.

ძირითადი ამერიკული საფონდო ინდექსები გუშინ „მწვანე ზონაში დაიხურა. კერძოდ, S&P 500-მა 1.23%-ით, 5782.76 პუნქტამდე მოიმატა, Dow Jones Industrial Average-ი 1.02%-ით, 42221.88 პუნქტამდე გაიზარდა, ხოლო Nasdaq Composite-ი 1.439%-ით, 184 პუნქტამდე გამყარდა. ზოგადად, ამერიკული ბაზარი ტრამპის არჩევას დადებითად გამოეხმაურა S&P 500-ის ფიუჩერსები 1,82%-ით გაიზარდა და რეკორდული ღირებულებები განახლდა.

ასევე, ევროპულმა ბაზრებმა სავაჭრო სესია ოპტიმისტურად დაიწყო. კერძოდ, STOXX 600- ინდექსი 1.65%-ით, ხოლო დიდი ბრიტანეთის FTSE 100-ინდექსი 1.47%-ით გაიზარდა.

აზიის საფონდო ბირჟებმა შერეული დინამიკა აჩვენა. კერძოდ, იაპონური Topix-ინდექსი 1,94%-ით გაიზარდა, ხოლო სამხრეთ კორეის Kospi, პირიქით, 0,52%-ით დაეცა. ასევე, 0,50%-ით დაეცა ჩინური CSI 300-ინდექსი, ხოლო ჰონგ-კონგის Hang Seng-მა 2,23%-იანი ვარდნა განიცადა. სავარაუდოდ, ინვესტორები აშშ-სა და რეგიონის ქვეყნებს შორის სავაჭრო დაძაბულობის მოსალოდნელი გაზრდით არიან შეშფოთებული.

ამასთან, პეკინში ეროვნული სახალხო ყრილობის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა 8 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. შეხვედრაზე, სავარაუდოდ, ჩინეთის ეკონომიკის მხარდასაჭერად პანდემიის დაწყების შემდეგ ფისკალური სტიმულირების ყველაზე დიდ პაკეტს დაამტკიცებენ.

ჰონგ-კონგში ტექნოლოგიური სექტორის აქციებში ამოყიდვა გაიმართა: Alibaba (-4,1%), JD.com (-4,1%), Baidu (-2,1%), Tencent (-1,9%).

მოამზადა ლადო სულაბერიძემ