საჯარო რეესტრმა უძრავი ქონების ტრანზაქციებში ახალი სისტემა აამოქმედა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო.
კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ინოვაციური პროდუქტის „გონიერი კონტრაქტის“ სისტემის გამოყენება დაიწყო.
„გონიერი კონტრაქტის“ სისტემა ტრადიციული ოპერაციების ახლებურად განხორციელების საშუალებას იძლევა. თანხის გადახდა და ქონების რეგისტრაცია ერთდროულად ხდება - მხარეები ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას ციფრულ ფორმატში, დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით გააფორმებენ; ასევე, „გონიერი კონტრაქტის" მეშვეობით შესაძლებელია იპოთეკის იმავე მეთოდით რეგისტრაციაც.
უძრავი ქონების ტრანზაქციებში აღნიშნული სისტემის ამოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემიგრანტებისთვისაც. ინოვაციური ციფრული პროდუქტის საშუალებით უცხოეთში მცხოვრები ქართველები შუამავლებისა და მინდობილობის გარეშე შეძლებენ საქართველოში უძრავი ქონების შეძენას.
მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, აღნიშნული სერვისის სარგებლობისთვის სააგენტოს წარმომადგენელთან ვირტუალური შეხვედრა დაჯავშნონ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე,“- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.