McDonald's უკრაინაში ეკოლოგიური პოლიტიკის ფარგლებში სასმელებისა და mcshake-ებისთვის ქაღალდის საწრუპებზე გადადის. ინიციატივა პლასტმასის გამოყენებას ყოველწლიურად 55 ტონაზე მეტად შეამცირებს.
ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.
ახალი საწრუპები ქსელის ყველა რესტორანში პლასტმასის ამოწურვის შემდეგ გამოჩნდება. ეკოლოგიური საწრუპები მაღალი ხარისხის ქაღალდისგან არის დამზადებული, რომელიც დიდხანს არ დეფორმირდება და უცხო გემო არ აქვს. ნახმარი ქაღალდის საწრუპები ქსელის რესტორნების დახარისხების სადგურებზე არსებულ შესაბამის ფრაქციაში ჩაიყრება, რომ ხელახლა გამოყენებისთვის ნედლეულად გადამუშავდეს.
McDonald's თავის რესტორნებში შეკვეთის დროს უკვე აღარ იყენებს პლასტმასის ჭურჭელსა და ჭიქის თავსახურებს, ასევე, რეზინის ხელთათმანებს საწარმოო ზონებში.
ნოემბერში კომპანია ბურგერებისთვის მცენარეული წარმოშობის ცხიმმდგრადი საფარის მქონე შეფუთვებზე გადავა, ხოლო ჭიქები ცელულოზის ბოჭკოსგან დამზადდება, რაც ყოველწლიურად პლასტმასის გამოყენებას 131 ტონით, რეზინის 70 ტონით, ხოლო ქაღალდის მოხმარებას 100 ტონით შეამცირებს.
ცნობისთვის: 2021 წლიდან McDonald's-მა უკრაინაში არსებულ ყველა რესტორანში ნარჩენების დახარისხების სადგურები გახსნა, ასევე, მომხმარებლებს მოუწოდებს, სასმელები საკუთარ ჭიქებით წაიღონ.
McDonald's 2025 წლისთვის 100%-ით განახლებად შეფუთვაზე გადასვლასა და ხმარებიდან ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლისა და ხუფების სრულად ამოღებას გეგმავს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ