რუსეთი “თბილისიდან შესული შერიგების სიგნალების” პრაქტიკაში გატარებას ე.წ. აფხაზეთთან და “სამხრეთ ოსეთთან” დე ფაქტო საზღვრების დელიმიტაციითა და შემდგომი დემარკაციით ითხოვს.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომელიც 5-6 ნოემბერს ჟენევაში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდს ეხება.
რუსეთის მხრიდან დელეგაციას ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი ხელმძღვანელობდა.
“რუსეთი თბილისიდან შესული შერიგების სიგნალების პრაქტიკული კუთხით თარგმნის მნიშვნელობაზე აქცენტირებს. უპირველეს ყოვლისა, ასეთი ნაბიჯები უნდა იყოს საქართველოსგან აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების მიღება, ასევე, აფხაზეთ-საქართველოს და საქართველო-“სამხრეთ ოსეთის” სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება მათი შემდგომი დემარკაციით,” - წერია გაცხადებაში.
ამასთან, მოსკოვი ყურადღებას ამახვილებს ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის დე ფაქტო ეროვნული პასპორტებით გადაადგილების თავისუფლებაზე.
“მომდევნო რაუნდზე იგეგმება საინფორმაციო სესიის გამართვა სპეციალისტის მონაწილეობით და ამ მნიშვნელოვან საკითხზე სამუშაო ჯგუფის ორგანიზება,“ - წერია ფედერეაციის საგარეო უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.
მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთისა და აშშ-ის მონაწილეობით იმართება. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს, ასევე, ესწრებიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი რაუნდი 2025 წლის მარტში გაიმართება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ