„ბიზნესი ხმამაღლა არ საუბრობს - არსებობს შიში, რომ შესაძლოა, ვინმე დაისაჯოს“

„ბიზნესი ხმამაღლა არ საუბრობს - არსებობს შიში რომ შესაძლოა, ვინმე დაისაჯოს“ – ამის შესახებ „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა კახა ხაზარაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, 26 ოქტომბრამდე ყველა ელოდა არჩევნების შედეგებს და სამომავლო პარტნიორობაც სწორედ ამაზე იყო დამოკიდებული. როგორც კახა ხაზარაძე ამბობს, მის გარშემო ახალ პროექტებზე მუშაობა არავის დაუწყია, რადგან ყველა ამ პერიოდს ელოდებოდა. მისი თქმით, სფერო, რომელიც ნაკლებად „გაიჭყლიტება“ ამ პროცესებისგან, არ არსებობს და ყველაფერი უბრალოდ დროის ფაქტორია.

„ყველაზე დიდი სტაბილურობა ბიზნესისთვის არის სამართლიანობა. თუ როგორც მსხვილი, ისე წვრილი ბიზნესმენის უფლება თანაბრად არის დაცული, ეს არის სტაბილურობა. დღეს ბიზნესი ხმამაღლა არ საუბრობს თავის პოზიციებზე და ბიზნესმენები ამბობენ, რომ პოლიტიკაში არ ერევიან. თუ ჩვენ ვქმნით სამუშაო ადგილებს, ვიხდით გადასახადებს, ე.ი. პოლიტიკას ვქმნით ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ გვიჭირს ამაზე საუბარი, ანუ არსებობს შიში, რომ სამართლიანი აზრის გამოთქმის შედეგად შესაძლოა, ვინმე დაისაჯოს,“ - განაცხადა ბიზნესმენმა.

კახა ხაზარაძის თქმით, ამ სიტუაციაში გამარჯვებული არავინ არ არის, იმ ადამიანის გარდა, ვინც ყველაფერს აქეთ „მიერეკება“.

ეკა დარჩიაშვილი