„ეს ლიფტი ექსპლუატაციაში ჩაბარდა მანამდე, რაც კერძო კომპანიების მიერ სახელმწიფო აკრედიტაციაზე დაყრდნობით ინსპექტირების სქემა ამუშავდებოდა. თუმცა, მთავარი პრობლემა, რა თქმა უნდა, არის ის, რომ თუ არ ვცდები, 10 წელია უკვე გასული, რაც ექსპლუატაციაში ჩაბარდა ეს ლიფტი და ამ დროის განმავლობაში არ შემოწმებულა. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, დაზღვეული არ ვართ პრობლემისგან“,- ამის შესახებ კომპანია CAI-ს გენერალურმა დირექტორმა სანდრო შელიამ რამდენიმე დღის წინ ბათუმში მომხდარ ლიფტთან დაკავშირებულ შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ლიფტის მოწყვეტის ფაქტები საკმაოდ იშვიათია, რადგან ამისგან თავის ასარიდებლად სპეციალური დამჭერი მექანიზმი არსებობს. ხშირ პრობლემას კი ლიფტის სენსორის გაუმართაობა ან არარსებობა იწვევს, რომელიც კარის გაღების დროს ლიფტის მოძრაობას უნდა აჩერებდეს.
„ის, რაც მოხდა ბათუმში, გარკვეულწილად გამონაკლისს წარმოადგენს. ყველაზე ხშირად გაუმართავი არის ხოლმე საკეტები და სენსორები, რომლებიც მოწყობილია იმგვარად, რომ აჩერებენ ლიფტს, თუ ლიფტის კარები გაიღო მოძრაობის დროს, გარედან ან შიგნიდან ხელით მოძრაობით. ეს ვერ უნდა ხდებოდეს, მაგრამ თუ ეს მოხდა, ლიფტი უნდა გაჩერდეს.
ძალიან ხშირად, ის პირები, ვისაც ჩაბარებული აქვთ ლიფტების უსაფრთხოება, ამ სენსორს ან ხსნიან ან სხვანაირად უკეთებენ მოდიფიკაციას, იმიტომ, რომ თუ სენსორი გამართულად არ მოქმედებს, ის ლიფტს შეიძლება აჩერებდეს, მაშინაც, როცა კარები არ არის ღია. ამიტომ, თითქოს მოკლე და იოლი გამოსავალია სენსორის საერთოდ მოხსნა, რაც არასწორია. ამის შედეგად ლიფტის კარი შეიძლება გაიღოს მაშინ, როცა იქ ლიფტი არ არის და ადამიანები ვარდებიან ხოლმე ჭაში, მაგალითად, როცა სიბნელეა და ვერ ხედავენ კარგად.
რაც შეეხება ლიფტის ავარიულ ვარდნას, ეს ძალიან იშვიათად ხდება, რადგან მას აქვს სათადარიგო დამჭერები, რომლებიც გრავიტაციაზე მუშაობს და არ არის საჭირო მისთვის არც ელექტროენერგია. ეს მექანიკური ხელსაწყოა, რომელიც იმ შემთხვევაში, თუ ლიფტი განსაზღვრულ სიჩქარეზე უფრო სწრაფად იწყებს მოძრაობას ანუ ვარდება, ეს დამჭერები იკეტება და ლიფტს აჩერებს. ასეთ დროს, როცა ლიფტი ვარდება, ორი საკითხია მნიშვნელოვანი. ჯერ ერთი, რატომ დაიწყო ლიფტმა ვარდნა და მეორე, რატომ არ იმუშავა დამჭერებმა“,- აღნიშნა ანდრო შელიამ.
როგორც მან განმარტა, თუ ლიფტის ინსპექტირება და განრიგის მიხედვით და კეთილსინდისიერად ტარდება, ასეთ შემთხვევაში პრობლემის გამომწვევი მიზეზი ლიფტის არასწორი გამოყენება ხდება ხოლმე.
„რეგლამენტის მიხედვით, როდესაც ხდება ინსპექტირება, ჩვენ ვალდებული ვართ რომ დავტესტოთ მისი მუშაობა 120%-იანი ტვირთამწეობით. მაგალითად, თუ ლიფტის ტვირთამწეობა არის 100 კგ, ვდებთ მასში 120 კგ ტვირთს და ისე ვუშვებთ.ამიტომ, თუ ლიფტი ვარდება, ეს ნიშნავს იმას, რომ არ ტარდებოდა ინსპექტირება, ან ტარდებოდა არაკეთილსინდისიერად. ლიფტების ინსპექტირება უნდა ტარდებოდეს 3 წელში ერთხელ და თუ ლიფტი 2 წლის წინ შემოწმდა, ყველაფერი რიგზე იყო და უცებ ასეთი შემთხვევა მოხდა, ეს ცალსახად ნიშნავს იმას, რომ ხდებოდა ლიფტის არაკვალიფიციური, არასწორი ექსპლუატაცია“,- აღნიშნა სანდრო შელიამ.
ინფორმაციისთვის, 4 ნოემბერს, ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის ჩავარდნის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.