Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ქონება 6 ნოემბერს, 26.5 მილიარდი დოლარით გაიზარდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ. ამას Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემები მოწმობს.
ამავდროულად, მსოფლიოს ათი უმდიდრესი ადამიანის აქტივების ღირებულება დღის განმავლობაში გაიზარდა 63.5 მილიარდი დოლარით, ეს ყველაზე დიდი დღიური ზრდაა მას შემდეგ, რაც Bloomberg-მა მილიარდერების ინდექსის აღრიცხვა დაიწყო (2012 წელი).
ილონ მასკს მოსდევს ლარი ელისონი, რომლის ქონებაც დღის განმავლობაში 9.88 მილიარდი დოლარით გაიზარდა. შემდეგი არის Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელი უორენ ბაფეტი (+7.58 მილიარდი დოლარი).
ასევე, მსოფლიოს უმდიდრესთა ათეულში კაპიტალის მოგებით ლიდერებს შორის იყვნენ Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომლის აქტივები გაიზარდა 7.14 მილიარდი დოლარით დღის განმავლობაში და Google-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი 5.53 მილიარდი დოლარით.
ამავე დროს, ელისონს, ბაფეტს, ბეზოსს და პეიჯს სიმდიდრის ზრდის ტემპით აჯობა Binance-ის კრიპტო ბირჟის დამფუძნებელმა ჩანგპენგ ჟაომ. მისი კაპიტალი 12.1 მილიარდი დოლარით გაიზარდა დღეში, ანუ მესამედზე მეტით - 40.6 მილიარდი დოლარიდან 52.7 მილიარდ დოლარამდე, თუმცა, ჟაო მსოფლიოს 10 უმდიდრეს ადამიანს შორის არ არის (ის Bloomberg-ის რეიტინგში 25-ე ადგილზეა).
მილიარდერებისთვის შემოსავლის უმეტესი ნაწილი აშშ-ის აქციების ზრდას მოჰყვა. S&P 500 ინდექსი 2.5%-ით გაიზარდა ოთხშაბათს, 6 ნოემბრის ვაჭრობის შემდეგ, რაც პოსტსაარჩევნო მაჩვენებლების ისტორიაში საუკეთესო იყო.
ოთხშაბათს ტესლას აქციები ნიუ-იორკში 15%-ით გაძვირდა, გასული წლის განმავლობაში კი მათი მოგება 32%-მდე გაიზარდა. ინვესტორები ფსონს დებენ, რომ ავტომწარმოებელი დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მთავარი ბენეფიციარი იქნება.
მარკ ცუკერბერგის ქონება, რომელიც მდიდარ ადამიანთა სიაში მესამე ადგილს იკავებს, Bloomberg-ის მიხედვით, დღეში 80,9 მილიონი დოლარით შემცირდა.
10 უმდიდრესი ადამიანის სიის დანარჩენი წევრების კაპიტალი კი გაიზარდა: Microsoft-ის შემქმნელის ბილ გეიტსის - 1.82 მილიარდი დოლარით, Microsoft-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის სტივ ბალმერის - 2.81 დოლარით, ხოლო Google-ის კიდევ ერთი თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის - 5.17 მილიარდი დოლარით.