აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპი სახელმწიფო მდივნის კანდიდატად ფლორიდის სენატორ მარკო რუბიოს განიხილავს.
ინფორმაციას Politico კონგრესის იმ თანამშრომელზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც კონსერვატორ კონგრესმენებთან ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრების შეხვედრას ესწრებოდა.
53 წლის რუბიო, რომელიც 2011 წლიდან სენატის წევრია, რუსეთის წინააღმდეგ მრავალი სანქციის ინიციატორია.
ჯერ კიდევ 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, მან რუსული ბანკების SWIFT-იდან გათიშვა მოითხოვა, შემდეგ კი ეს იდეა 2022 წლის იანვარში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე გაახმიანა.
რუბიო, ასევე, პუტინისა და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების ინიციატორია. 2015 წელს მან პუტინს „ბანდიტი“ და „თავზეხელაღებული“ უწოდა და რუსეთის დიპლომატიურ იზოლაციას დაჟინებით მოითხოვდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ