„გეოლოგიური კვლევებისთვის სპეციალისტები აღარ გვყავს - გადინება კიდევ მოიმატებს, ძირითადად ახალგაზრდების ხარჯზე“

ქვეყანაში განვითარებულ კრიზისს, რომელიც არჩევნებს მოჰყვა, გარდა ეკონომიკური და პოლიტიკური საფრთხეებისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა სდევს, რომელიც მანამდე თუ იყო, ახლა უფრო გამწვავდა - ახალგაზრდები­ ამბობენ, რომ ამ ქვეყანაში აღარ უნდათ ცხოვრება და მიდიან ევროპასა თუ ამერიკაში. ფაქტობრივად, ქვეყანა ინტელექტისაგან იცლება. ამას "ტვინების გადინებას" უწოდებენ. "კვირის პალიტრა" ამ თემაზე ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურ მდივანს ზვიად ჭუმბურიძეს ესაუბრა.

„ბევრი ქვეყანაა დაინტერესებული, რომ ტვინების გადინების საკითხი მოაგვაროს. ჩვენში ეს პროცესი 90-იანი წლებიდან მტკივნეულად დადგა. ბევრი ექსპერტი, მეცნიერი ცდილობდა, ადგილი დაემკვიდრებინა საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყანაში. პროცესი არ ჩერდება. განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, დარწმუნებული ვარ, კიდევ მოიმატებს გადინება, ძირითადად ახალგაზრდების ხარჯზე.

ქვეყანას არა ჰყავს ის რეზერვი, რომელსაც შეუძლია სამეცნიერო დონეზე დაგეგმოს და განავითაროს ეკონომიკის, სამეცნიერო, დარგობრივი საწარმოები და სხვა. ამიტომ მთავარია, როგორმე დავიწყოთ დაბრუნების პროცესი.

- თუ ვერ შევძელით?

- უნდა შევძლოთ, სხვა შემთხვევაში მძიმე ვითარებას მივიღებთ - ადამიანები არ­ იქნებიან, ვინც ქვეყნის განვითარებაზე იზრუნებენ. სამეცნიერო თუ საექსპერტო თვალსაზრისით უკვე აშკარად დეფიციტია. ამის მერე ჩნდება ვაკუუმი, რომლის შევსებაც 5-7 წლის მერე გაცილებით გაჭირდება.

ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვან გეოლოგიურ კვლევებს საჭიროებენ, უკვე სპეციალისტები აღარ გვყავს. შეიძლება ითქვას, ლიმიტი ამოვწურეთ. თითოეულ მნიშვნელოვან პროექტს, რომელსაც საქართველოში სხვადასხვა დონორი ახორციელებს, პროფესიონალები სჭირდება. ამიტომ საზღვარგარეთიდან უნდა დავაბრუნოთ ახალგაზრდები, ის, ვინც გამოცდილება მიიღო, მომზადებული და მოტივირებულია, რომ ქვეყანაში დაბრუნდეს. სწორედ აქ უნდა იყოს განათლების სამინისტროს სახელმწიფო ინტერესი, ბიუჯეტში იყოს თანხები გათვალისწინებული, რათა მომზადებული, ევროპაში განათლებამიღებული ადამიანები დაბრუნდნენ და შექმნან ამ ქვეყნის ფუნდამენტური განვითარების საფუძველი.

იხილეთ ინტერვიუ სრულად