„უამინდობის შემთხვევაში, დადგენილი ვადების გარეშეც უნდა აიკრძალოს ზამთრის საბურავების გარეშე გადაადგილება“, - ამის შესახებ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარემ, გელა კვაშილავამ bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კლიმატური პირობებისა და საქართველოს რელიეფის გათვალისწინებით, ამინდი შესაძლოა, 1-ელ დეკემბრამდე ან 1-ლი მარტის შემდეგაც გაუარესდეს, რა დროსაც, გარემოს ეროვნულ სააგენტოს, გზების დეპარტამენტისა და შსს-ს ჩართულობით, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე, უსაფრთხოებს მიზნით, მოძრაობა უნდა შეიზღუდოს.
ცნობისთვის, მაღალმთიან რეგიონებში მოსულმა თოვლმა, ზამთრის საბურავების საკითხი უკვე აქტუალური გახადა. იქიდან გამომდინარე, რომ არსებული რეგულაცია მხოლოდ 1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში მოქმედებს, ავტომობილებისთვის შესაბამისი საბურავებისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების ქონა, ჯერ კიდევ სავალდებულო არ არის. შედეგად, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე, ავტომობილების გადაადგილება უკვე გართულდა და რამდენიმე რეგიონში ავტომობილებიც დაზიანდა.
„აქ სხვადასხვა უწყებების ჩართულობაა საჭირო. კანონში კი წერია 1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდი, მაგრამ მთაგორიანი ქვეყანა ვართ და ჩვენი რელიეფის გათვალისწინებით, შესაძლოა, ამინდი სხვა დროსაც გაუარესდეს, მოიყინოს და ა.შ. ამიტომ, კანონში უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი და უამინდობის შემთხვევაში, დადგენილი ვადების გარეშეც უნდა აიკრძალოს ზამთრის საბურავების გარეშე გადაადგილება. იმიტომ, რომ შეიძლება პირობითად, 20 ნოემბერს უკვე მოიყინოს. ამისთვის, წინასწარი გაფრთხილება აუცილებელია, მძღოლებს შესაბამისი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ და შემდეგ უკვე ამის აღსრულება მოხდეს.
აქ ვადები არ არის მთავარი, რადგან შეიძლება ქალაქიდან გახვიდე და უცებ ისეთ მთაგორიან ადგილას მოხვდე, სადაც მოყინულია და განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ეს საკმაოდ სერიოზული თემაა, იმიტომ, რომ ზაფხულის საბურავებით შეუძლებელია მოჭიდება, რასაც ცუდი შედეგების გამოწვევა შეუძლია. რაც არ უნდა კარგი მძღოლი იყოს, ასეთ დროს ფაქტობრივად, შეუძლებელია ავტომობილის კონტროლი. მითუმეტეს, რომ ბევრგან ისეთი გზებია, სადაც დამცავი ჯებირიც კი არ არის და გადავარდნის რისკი ძალიან მაღალია. ამიტომ, ის რომ, ვადები გაწერილია, გასაგებია (როგორც წესი, ამ პერიოდში ცივა), მაგრამ შეიძლება დაემატოს გარკვეული ჩანაწერიც. აქ სხვა უწყებების ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანია “,- ამბობს გელა კვაშილავა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლიდან, 1-ლი დეკემბრიდან, 1-ელ მართამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა მხოლოდ ზამთრის საბურავებით არის დასაშვები. თუმცა, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა, დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნაც.
იმ შემთხვევაში, თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, პოლიციელი უფლებამოსილია პირს აუკრძალოს კონკრეტულ ტერიტორიაზე გადაადგილება, ასევე პირს შესაძლოა, დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე. ამასთან, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.