თბილისის ეროვნულ პარკში, კერძოდ, საბადურისა და ზედაზნის ტყეებში ახალი ეკოსაგანმანათლებლო და რეკრეაციული პროექტი ხორციელდება, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს.
პროექტის ფარგლებში ადგილზე ვიზიტორთა ცენტრი, დასასვენებელი ფანჩატურები, ბავშვთა გასართობი სივრცეები, ამფითეატრი, ლაშქრობის მოყვარულთათვის საპიკნიკე ადგილები, ახალი ეკობილიკები, საავტომობილო და ველო პარკინგი, ასევე, წყალმომარაგების ქსელი მოეწყობა.
„დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარება განაპირობებს ქვეყანაში ტურისტული პოტენციალის მნიშვნელოვან ზრდას. ტურიზმის განვითარება, ტურისტების რაოდენობის ზრდა, ხელს უწყობს ახალი შესაძლებლობების გაჩენას, ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სარგებლის მნიშვნელოვან ზრდას,“ - განგვიცხადეს სააგენტოში.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სააგენტოში უთხრეს, პროექტის სავარაუდო ღირებულება 7.5 მილიონ ლარს უტოლდება.
„ამ ეტაპზე, პროექტის დაფინანსების წყარო სახელმწიფო ბიუჯეტი და სააგენტოს საკუთარი სახსრებია. სამუშაოების დიდი ნაწილი აქტიური ტურისტული სეზონის დაწყებისათვის დასრულდება,“ - დაგვიზუსტეს დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
ცნობისთვის, თბილისის ეროვნული პარკი თბილისიდან დაახლოებით 23 კმ-ითაა დაშორებული და თბილისისა და მცხეთის გარშემო მდებარეობს.