ინდოეთი-ირანი-სომხეთის სავაჭრო-სატრანსპორტო მარშრუტის ჩაშვების საკითხზე, რომელიც საქართველოზეც გაივლის, სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.
ამის შესახებ ირანის ელჩმა სომხეთში, მეჰდი სობჰანიმ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რასაც Sputnik-Armenia ავრცელებს.
„შეთანხმება არსებობს, თუმცა ვადებზე უნდა ვიმუშაოთ,“ - ამბობს ელჩი.
სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანსპორტო მარშრუტი ინდოეთიდან და ყურის ქვეყნებიდან ევროკავშირსა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ სახელმწიფოებში საქონლის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს. კერძოდ, ტვირთის მიწოდება ინდოეთის მუმბაის პორტიდან ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩაბაჰარის პორტამდე მოხდება, შემდეგ საავტომობილო ან სარკინიგზო გზით ჯერ სომხეთში, შემდეგ კი საქართველოში გადავა, საიდანაც ბულგარეთის ან საბერძნეთის პორტებში, ანდა რუსეთში საზღვაო პორტების ან ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით შევა.
ელჩ სობჰანის შეფასებით, სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანსპორტო მარშრუტის პროექტის განხორციელებას ამჟამად არაფერი უშლის ხელს. მისი თქმით, ამ სატრანსპორტო დერეფანში სომხეთი განიხილება, როგორც სპარსეთის ყურის შავ ზღვასთან დამაკავშირებელი რგოლი.
Sputnik-Armenia-ს შეფასებით, სომხეთზე გამავალი ეს მარშრუტი მეტად მნიშვნელოვანია ირანისა და ინდოეთისთვის, რომლებიც თავიანთი საქონლის მიწოდების დივერსიფიკაციას ცდილობენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ