კანადის მთავრობამ სოციალურ ქსელ TikTok-ის მფლობელი კომპანია, ByteDance დაავალდებულა, ქვეყანაში თავისი ბიზნეს-ოფისი დახუროს.
ამის შესახებ ინოვაციების მინისტრ ფრანსუა-ფილიპ შამპანმა განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს.
კანადის კანონმდებლობა მთავრობას საშუალებას აძლევს, ეროვნული უსაფრთხოების შესაძლო რისკებზე უცხოური ინვესტიციები შეამოწმოს. კანადაში TikTok-ის ინვესტირების გეგმის შესწავლა ხელისუფლებამ 2023 წელს დაიწყო.
მინისტრი ამბობს, რომ TikTok-ის ბიზნესის დახურვის გადაწყვეტილება შეგროვებული ინფორმაციის გაანალიზებისა და უსაფრთხოების ორგანოებთან კონსულტაციის შემდეგ იქნა მიღებული.
ByteDance-ის წარმომადგენლები თავიანთი ოფისის დახურვის გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ. კომპანია აცხადებს, რომ იძულებული იქნება, ასობით თანამშრომელი გაათავისუფლოს, ამიტომ კანადის ოფისების დახურვა და სამუშაო ადგილების დაკარგვა მომგებიანი არც ერთი მხარისთვის არ არის.
TikTok გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ