„აგვიკრძალეს მუშაობა და „გავშავდი“ - კრედიტებზე ვადაგადაცილება 2020 წლიდანაა გადმოყოლილი“

„სარესტორნო ბიზნესს კრედიტებზე ვადაგადაცილება 2022 წლიდან აქვს“ - ასე უპასუხა კრედიტებზე ვადაგადაცილებასთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვას რესტორატორმა კოტე გაბრიჩიძემ.

შეგახსენებთ, 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, კრედიტებზე 3 თვეზე მეტად ვადაგადაცილებულია 1.050 მლრდ ლარის მოცულობის კრედიტები. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, ბიზნეს სექტორში ყველაზე მაღალი ვადაგადაცილება რესტორნების, ბარების, კაფეებისა და სწრაფი კვების ობიექტების დასაფინანსებლად გაცემულ კრედიტებში ფიქსირდება. სულ ამ კატეგორიის სესხების მოცულობაა 824.447 მლნ ლარი, საიდანაც 4.3%, ანუ 35.481 მლნ ლარი ლარი ვადაგადაცილებულია.

გაბრიჩიძე აღნიშნავს, რომ რესტორატორებს კრედიტებზე ვადაგადაცილება პანდემიის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე აქვს. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სექტორი პანდემიის დროს გაჩერებული იყო, კრედიტების გადახდა ვერ შეძლეს.

„ჩვენი დარგი მიჩნეული იყო ყველაზე უფრო მავნებელ ბიზნესად, იმიტომ რომ ჩვენი, თურმე, ვიყავით ყველაზე დიდი „გადამგდები“. ჩვენი დარგის საქმიანობა აკრძალული იყო კორონავირუსის პანდემიის დროს. კრედიტებზე ეს ვადაგადაცილებები არის 2020 წლიდან მოყოლებული. მე პირადად 2 კრედიტი მქონდა გადასახდელი, აგვიკრძალეს მუშაობა და ცხოვრებაში რომ არ ვყოფილვარ გაშავებული, გავშავდი. ჩემდა უნებურად მოვხვდი ასე.

იმის ნაცვლად რომ სახელმწიფო დაგვხმარებოდა, როგორც ეს მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ გააკეთა, 5 000 ლარით დაგვეხმარნენ და სულ ეს იყო. სხვანაირად უნდა ხდებოდეს წესით - როდესაც ბიზნესი 200 ათას ადამიანს ასაქმებს, სახელმწიფომ ასეთ ბიზნესზე უნდა იზრუნოს“, - ამბობს კოტე გაბრიჩიძე.

იხილეთ ასევე: რესტორნები და ექსპორტიორები - რომელ სექტორებს აქვთ კრედიტებზე ყველაზე მაღალი ვადაგადაცილება

მერი ტაბატაძე