"არ შეიძლება ევროპელი ლიდერები მოგვიწოდებდნენ, რომ ქალი ქალი არ არის და კაცი კაცი არ არის"

ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს, მას დაეშალა კოალიცია და როგორ მოიცალა საქართველოსთვის, არ ვიცი - მგონი, გერმანიის კანცლერს უფრო მეტად უნდა ეცალოს საკუთარი პრობლემებისთვის და არა საქართველოს თემებთან დაკავშირებით აკეთებდეს განცხადებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ერთობლივი განცხადება შეაფსა, სადაც ევროპელი ლიდერები საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შეშფოთებას გამოხატავენ და ხელისუფლებას კურსის შეცვლისა და რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ.

მან ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ ეს კანონი არის ჯანსაღი და სინამდვილეში ემსახურება იმას, რომ საქართველოში არ უნდა წარმოებდეს ლგბტ პროპაგანდა.

მისი თქმით, „არ შეიძლება ევროპელი ლიდერები მოგვიწოდებდნენ ამას, რომ ქალი ქალი არ არის და კაცი კაცი არ არის“.

„პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს და როგორ მოიცალა საქართველოსთვის არ ვიცი. მას დაეშალა კოალიცია, უახლოეს მომავალში დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები. მგონი, გერმანიის კანცლერს უფრო მეტად უნდა ეცალოს საკუთარი პრობლემებისთვის და არა საქართველოს თემებთან დაკავშირებით აკეთებდეს განცხადებებს - ეს ერთი. რაც შეეხება ორ კანონს - პირველი დავიწყებ მეორე თემიდან, ეს არის ოჯახური ღირებულებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი. ეს კანონი არის უმარტივესი და სინამდვილეში ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ საქართველოში არ უნდა წარმოებდეს ლგბტ პროპაგანდა. ქალს უნდა ერქვას ქალი, კაცს უნდა ერქვას კაცი. არის არა ერთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგალითად, სადაც ქალს შეუძლია მივიდეს საჯარო რეესტრში თუ სამოქალაქო რეესტრში და შეუძლია გადაეწეროს კაცად, ან კაცი შეიძლება მივიდეს რეესტრში და შეიძლება გადაეწეროს ქალად. ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი. ეს არის ერთი პუნქტი, რასაც ეხება ეს კანონი. თუ ვინმეს დაამტკიცებს რომ ეს არის ჯანსაღი მოვლენა, რომ ქალი რომ ხარ შეგიძლია მიხვიდე და ჩაეწერო კაცად, ან კაცი რომ ხარ შეგიძლია ჩაეწერო ქალად, მაშინ კი ბატონო, გავაუქმოთ ეს კანონი. თუ ამას დაგვიმტკიცებენ, რომ ეს არის ჯანსაღი მოვლენა, შემიძლია ხვალ წარმოვიდგინო საკუთარი თავი მაგალითად, რომელიმე ცხოველად და რატომ არ უნდა ჩავეწერო ასეთად?! ან რატომ არ უნდა გაუქმდეს ჩემი როგორც ადამიანის რეგისტრაცია, ხომ?! ამ დონის აბსურდზეა საუბარი. ასევე საუბარია იმაზე, რომ ბავშვებში არ არ შეიძლება წარმოებდეს ლგბტ პროპაგანდა, არ შეიძლება ეს მოხდეს საბავშვო ბაღებში და სკოლებში, არ შეიძლება ტელევიზია, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იყოს გამოყენებული ლგბტ პროპაგანდისთვის. ჩვენი აზრით, ეს არის ჯანსაღი კანონი თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ საპირისპირო რამე არის ჯანსაღი, კი ბატონო, ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ზოგადად, საზოგადოება როცა ამ ყველაფერს უყურებს, მე არ მგონია, რომ კარგი შთაბეჭდილება რჩებოდეს. არ შეიძლება ევროპელი ლიდერები მოგვიწოდებდნენ ამას, რომ ქალი ქალი არ არის და კაცი კაცი არ არის“, - განაცხადა კობახიძემ.