რას ითვალისწინებს ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკა, რომლითაც საქართველო ხელმძღვანელობს

საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს წარმოადგენს ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ იქნა როგორც სატარიფო პოლიტიკისა, ასევე ტექნიკური რეგულირების სფეროს რეფორმა, რის შედეგადაც საქართველოს დღეისათვის გააჩნია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს გამარტივებულ საგარეო ვაჭრობის რეჟიმსა და საბაჟო პროცედურებს, დაბალ საიმპორტო ტარიფებსა და მინიმალურ არასატარიფო რეგულირებას.

სატარიფო პოლიტიკა იმპორტზე საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური და კონკურენტული სავაჭრო რეჟიმი აქვს. საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, 2006 წლის 1 სექტემბრიდან საიმპორტო ტარიფების 16 სატარიფო განაკვეთი შემცირდა 3 განაკვეთამდე (0, 5 და 12%). საიმპორტო ტარიფები გაუქმდა პროდუქციის დაახლოებით 85%-ზე. აღარ არსებობს სეზონური ტარიფები. იმპორტირებულ საქონელზე ტარიფი დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის XXVIII-ე თავის შესაბამისად.

სატარიფო პოლიტიკა ექსპორტზე

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ექსპორტი ან რეექსპორტი საქართველოდან განთავისუფლებულია საბაჟო გადასახადისაგან. გამომდინარე იქიდან, რომ 1997 წლის 1 სექტემბრიდან საქართველო იყენებს საქონლის დამატებული ღირებულების დაბეგვრას დანიშნულების ქვეყნის პრინციპით, ექსპორტი საქართველოდან დღგ-ით არ იბეგრება.

ირიბი გადასახადები

საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, დამატებული ღირებულების გადასახადის და სააქციზო გადასახადის განაკვეთები ადგილობრივ და იმპორტირებულ პროდუქციაზე თანაბარია.

ლიცენზიები და ნებართვები

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად კანონმდებლობით საგარეო ვაჭრობაში არ არის გათვალისწინებული რაიმე არასატარიფო შეზღუდვები (ლიცენზირება, კვოტირება, აკრძალვები და სხვა) გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვისათვის.

კერძოდ, გაიცემა შემდეგი სახის ლიცენზიები და ნებართვები:

  • ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა (საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სურსათის უვნებლობის სამსახური)
  • დაკვირვების ელექტრონული საშუალებების ექსპორტ-იმპორტის ლიცენზია (შინაგან საქმეთა სამინისტრო);
  • შეზღუდულად ბრუნვადი მასალების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა (გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო)
  • ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვა (ენერგეტიკის სამინისტრო)
  • იარაღისა და საბრძოლო მასალების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის ნებართვა (საქართველოს თავდაცვის სამინისტრო)
  • ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა (საქართველოს შემოსავლების სამსახური)
  • სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო)
  • არაიოდიზირებული მარილის იმპორტის ნებართვა (საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო)
  • "გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა (გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტრო). აკრძალულია კულტურულ ფასეულობათა საქონლის საქართველოდან ექსპორტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნუსხის მიხედვით.

წარმოშობის სერტიფიკატები

საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან საქონლის გატანის დროს წარმოშობის სერტიფიკატები გაიცემა 2010 წლის 29 დეკემბრის საქართველოს მთავრობის №420 დადგენილებით, დამტკიცებული წესის შესაბამისად.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1, ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტებზე და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულ საქონელზე საქართველოში წარმოშობის დამადასტურებელი შესაბამისი ფორმის სერტიფიკატი გაიცემა შემოსავლების სამსახურის მიერ.

სხვა დანარჩენ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის დროს წარმოშობის სერტიფიკატები გაიცემა როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ, ასევე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ თუ წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა შემოსავლების სამსახურის მიერ, სერტიფიკატის გაცემისათვის განაცხადი და ყველა საჭირო დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით.

ნათია ზარიძე