ნიდერლანდებში უალკოჰოლო ლუდი ხალხს ნაკლები ალკოჰოლის მიღებაში ეხმარება. ამის შესახებ ნიდერლანდების ლუდსახარშთა ასოციაციის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში წერია, რასაც “ევროპულსი” ავრცელებს.
გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის, დაახლოებით, 50%-მა ნაკლები ალკოჰოლის მიღება იმის გამო დაიწყო, რომ მაღაზიების თაროებზე უალკოჰოლო ლუდი სულ უფრო ხშირად ჩნდება.
ამდენად, ბევრი ნიდერლანდელი ალკოჰოლური ლუდიდან უალკოჰოლო ლუდზე გადადის. კერძოდ, 18-დან 39 წლამდე ახალგაზრდებს შორის, თითქმის, ნახევარმა აღიარა, რომ ადრე ალკოჰოლურ ლუდს სვამდა, თუმცა ახლა უალკოჰოლო ლუდს ირჩევს. ისინი ამბობენ, რომ ეს მათ ეხმარება, ალკოჰოლური სასმელი ბოროტად არ გამოიყენონ. 40 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქეთა ორმა მესამედმა განაცხადა, რომ უალკოჰოლო ლუდზე თანდათან გადადის.
2010 წლიდან ნიდერლანდებში უალკოჰოლო ლუდის მოხმარება ხუთჯერ გაიზარდა. ამჟამად ქვეყანაში ყოველი მე-15 ლუდი უალკოჰოლოა. ადგილობრივი ლუდსახარშები გეგმავენ, რომ 2030 წლისთვის ყოველი მეათე ლუდი უალკოჰოლო იყოს.
ცნობისთვის: უალკოჰოლო ლუდი საერთოევროპულ დონეზე სულ უფრო პოპულარული ხდება. 2023 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა, 2022 წელთან შედარებით, 5%-ით ნაკლები ალკოჰოლური ლუდი მოხარშეს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ