ბიტკოინის ფასმა 81 ათას დოლარს მიაღწია - როგორ შეიცვალა სხვა კრიპტოაქტივის ღირებულება 7-დღიან ინტერვალში

ამერიკის არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ბირჟაზე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტის - ბიტკოინის ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა და ერთი მონეტის ღირებულებამ 81 ათას დოლარს მიაღწია. ეს კი აღნიშნული კრიპტოაქტივის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული მაქსიმალური მაჩვენებელია.

ბოლო მონაცემებით, (თბილისის დროით 11:30 საათისთვის) ერთი ბიტკოინი 80 904 დოლარია, რაც 7-დღიან ინტერვალში 17.4%-იანი ზრდაა. ამასთან, აღნიშნული კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია 1.603 ტრილიონ დოლარს აჭარბებს.

რა ღირს და როგორ შეიცვალა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტების ღირებულება ერთკვირიან ინტვერვალში:

  • ბიტკოინი - 80 904 დოლარი - ზრდა 17.4% (კაპიტალიზაცია - 1.6 ტრილიონი დოლარი)
  • ეთერიუმი - 3.136 დოლარი - ზრდა 26.8% (კაპიტალიზაცია - 377.4 მლრდ დოლარი)
  • BNB (ბაინანსი) - 614 დოლარი - ზრდა 9.7% (კაპიტალიზაცია - 88.5 მლრდ დოლარი)
  • სოლანა - 206.8 დოლარი - ზრდა 27.6% (კაპიტალიზაცია - 97.6 მლრდ დოლარი)
  • ლიტკოინი - 75.2 დოლარი - ზრდა 12.8% (კაპიტალიზაცია - 5.6 მლრდ დოლარი)

ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების ფასის ზრდა, დონალდ ტრამპის დაპირებებს უკავშირდება. როგორც ცნობილია, წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპი პირობას დებდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ციფრული ვალუტებისთვის დღეს არსებული რეგულაციებს გაამარტივებდა.