საქართველოში უცხოელი სტუდენტების 53% ინდოეთის მოქალაქეა - რამდენი უცხოელი სწავლობს ქვეყანაში

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების 53% ინდოეთის მოქალაქეა. საქსტატის მონაცემებით, 2023-2024 წლის სასწავლო წლისთვის საქართველოში სულ უცხო ქვეყნის 30 701 სტუდენტი სწავლობდა, აქედან 16 357 ინდოეთის მოქალაქე.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთის 3 750 მოქალაქე სწავლობს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში, დანარჩენი 12 607 კი კერძო უნივერსიტეტებში.

ზოგადად, 2023-2024 სასწავლო წლისთვის საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 22,5%-ით გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2023-2024 სასწავლო წლისთვის საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სულ 30 701 უცხოელი სწავლობდა, ეს მაშინ, როდესაც 2022-2023 წლისთვის 25 069 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა.

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც საქართველოში სასწავლებლად ყველაზე მეტი სტუდენტი ჩამოდის, 2023-24 წლის მონაცემები ასეთია:

  • ინდოეთი - 16 357 სტუდენტი
  • იორდანია - 2 104 სტუდენტი
  • ისრაელი - 1 904 სტუდენტი
  • ეგვიპტე -1 073 სტუდენტი
  • გაერთიანებული სამეფო - 1 007 სტუდენტი
  • სუდანი - 993 სტუდენტი
  • ნიგერია - 856 სტუდენტი
  • აზერბაიჯანი - 806 სტუდენტი
  • რუსეთი - 783 სტუდენტი
  • ლიბანი - 733 სტუდენტი

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2021-2022 სასწავლო წლისთვის ქვეყანაში 17 501 უცხოელი სწავლობდა, 2022-2023 სასწავლო წლისთვის - 25 069 სტუდენტი. ასევე მზარდია ინდოეთის მოქალაქე სტუდენტების რიცხოვნობაც, კერძოდ, თუ 2021-2022 სასწავლო წლისთვის ქართულ უნივერსიტეტებში 8 811 ინდოეთის მოქალაქე ირიცხებოდა, 2022-2023 წლისთვის ეს რაოდენობა 13 054-მდე გაიზარდა.