2024 წლის ცხრა თვის განმავლობაში საქართველომ, ვიეტნამსა და ჩინეთთან ერთად, რუსეთიდან ტურისტული ნაკადის ყველაზე დიდი ზრდა აჩვენა.
ამის შესახებ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (“ეფესბეს”) სასაზღვრო სამსახურის სტატისტიკურ მონაცემებში წერია, რასაც რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირი ავრცელებს.
კერძოდ, საქართველოში რუსეთიდან ტურისტული ნაკადი 447,8%-ით გაიზარდა და ამ მონაცემით ქვეყანა წამყვან სამეულში მეორე ადგილზეა. პირველზე ვიეტნამია, სადაც ნაკადი 936-ჯერ გაიზარდა, ხოლო 426,6%-იანი მატებით მესამე ადგილზე ჩინეთია.
მიზეზად ტურინდუსტრიის კავშირი ამ მიმართულებებზე პირდაპირი ავიარეისების განახლებას ასახელებს, რაც საქართველოში 2023 წლის მაისში, ვიეტნამში მიმდინარე წლის იანვარში, ხოლო ჩინეთში, ასევე, წლევანდელ მარტში აღდგა.
რუსეთიდან ტურისტული მოგზაურობების რაოდენობით საქართველო წამყვან მიმართულებებს შორის მერვე ადგილზეა. თუმცა “ეფესბეს” საბაჟო სამსახური ტრადიციულად ცალკე ასახელებს აფხაზეთს, სადაც, დანარჩენ საქართველოსთან შედარებით, რუსების ტურმოგზაურობებმა უფრო მეტად მოიმატა და ამ მონაცემით ოკუპირებული რეგიონი მეექვსე ადგილზეა.
რაც შეეხება არა მხოლოდ ტურისტულ, არამედ ნებისმიერი მიზნით მგზავრობას, ოკუპირებული აფხაზეთი ამ კატეგორიაში უკვე მეორე ადგილზეა და მას მხოლოდ თურქეთი უსწრებს. ასევე, ცალკე არის დასახელებული საქართველო, რომელიც მგზავრობების ამ კატეგორიაში მეექვსე ადგილზეა.
მთლიანობაში, რუსეთიდან საზღვარგარეთ იანვარ-სექტემბერში 22,49 მლნ მგზავრობა დაფიქსირდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ