„აპოლო“ იყიდება - როგორია ისტორიული კინოთეატრის ღირებულება

კინოთეატრი „აპოლო“ იყიდება. როგორც SS.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ობიექტის საერთო ფართი 2400 კვ.მ-ია , მისი ღირებულება კი 16.076 მლნ ლარია (5.9 მლნ აშშ დოლარი).

განცხადების თანახმად, ახალ ინვესტორს კინოთეატრის გადაკეთებისა და რეკონსტრუქციის უფლებაც ექნება.

„იყიდება ისტორიული კინოთეატრ “აპოლოს“ შენობა ჩუღურეთში. მდებარეობს ძალიან მოთხოვნად, დავით აღმაშენებლის გამზირზე და გთავაზობთ იშვიათ შესაძლებლობას ფლობდეთ ისტორიის ნაწილს. შენობა გთავაზობთ 2400 კვ.მ არქიტექტურულ ელეგანტურ შედევრს კლასიკური ექსტერიერით. ვინტაჟური შარმით და მრავალფუნქციური. შეგიძლიათ გადააკეთოთ და რეკონსტრუქცია ჩაუტაროთ, როგორც თავშეყრის ადგილად, ასევე საცხოვრებელ კომპლექსად. პრემიუმ ლოკაცია ცნობილ გამზირზე, მისი მდებარეობა განსაკუთრებით, მომხიბვლელია ინვესტორებისთვის და დეველოპერებისთვის“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის,“ აპოლო“ თბილისში კინოთეატრისთვის აგებული ერთ-ერთი პირველი შენობაა, რომელიც 1909 წელს გაიხსნა და მოდერნის სტილის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ნიმუშია. ამასთან, ის თბილისში პირველი ელექტრონული კინოთეატრი იყო.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 2020 წლის ამონაწერით, კინოთეატრის 80%-ს ფლობდა, შპს „კონფიდენს გრუპი“, 10%-ს - ვიორგი ჩიგოგიძე, 7%-ს მანანა გეტაშვილი, ხოლო 3%-ს თინათინ სვანიძე. თავის მხრივ, შპს „კონფიდენს გრუპის“ დირექტორი თურქეთის მოქალაქე ოზგურ დურდაბაქია, 100%-იან წილს „ელიტ პრო ფლობს“. ამ უკანასკნელის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელიც აზერბაიჯანის მოქალაქე რაუფ ალიევია.

ნინი ქეთელაური