„თბილისის ცენტრში დეველოპერული პროექტებისთვის მიწები აღარ არის“

„მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან გასაყიდი ბინების რაოდენობა გაიზრდება“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „რე/მაქს რეალთი პარკის“ მმართველმა პარტნიორმა, მარიამ სურგულაძემ განუცხადა.

როგორც მან განმარტა, ის სამშენებლო ნებართვები, რომელიც გასულ წლებში გაიცა, თანდათან სამშენებლო პროექტებად გადაიქცევა და დეველოპერები ბაზარზე გასაყიდად გამოიტანენ.

„საქართველოს ბაზარი არის მოულოდნელობებით სავსე და გამონაკლისი არც უძრავი ქონების ბაზარია, რატომღაც, ჩვენი ბაზარი საერთაშორისო კანონზომიერებაში არ ჯდება. მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან გასაყიდი ბინების რაოდენობა გაიზრდება. ის ნებართვები, რაც იყო გაცემული, სამშენებლო პროდუქტად გადაიქცევა და ბაზარზე გამოიტანენ. ეს ფასზე როგორ აისახება, რთული სათქმელია. თუ მოთხოვნა ნაკლები იყო და მიწოდება ჭარბი, ცხადია, საჭირო გახდება ფასების კორექტირება. მაგრამ მეორე მომენტია ის, რომ დეველოპერებს მშენებლობის ღირებულება იმდენად გაუძვირდათ, რომ რთული სათქმელია ამ ფონზე რამდენად შეძლებენ ფასების კორექტირებას“, - განაცხადა სურგულაძემ.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ 2024 წლამდე თბილისში ჭარბი სამშენებლო ნებართვები გაიცა, ახალი პროექტებით ბაზრის გაჯერებას უნდა ველოდოთ.

„რაც შეეხება სამშენებლო ნებართვებს, 2024 წლამდე საკმაოდ ჭარბი რაოდენობით გაიცა, შესაბამისად, ამ წლის ბოლოდან უნდა ველოდოთ ახალი დეველოპერული პროექტებით ბაზრის გაჯერებას. ბოლო თვეებში ნებართვები შედარებით შემცირებულია. თბილისის ცენტრში, პრაქტიკულად, აღარ არის მიწის ნაკვეთები დეველოპერული პროექტებისთვის, ამიტომ, ამან გამოიწვია ფართო ცენტრსა და გარეუბნებში მშენებლობის ზრდა“, - აღნიშნავს მარიამ სურგულაძე.

მერი ტაბატაძე