ოქტომბერში თბილისში 3 865 ბინა გაიყიდა - როგორია ძველი და ახალი პროექტების ფასი?

2024 წლის ოქტომბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 23%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით მაჩვენებელი 8%-ით არის შემცირებული. ამის შესახებ „ქოლიერსის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, 2024 წლის ოქტომბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 865 ერთეული შეადგინა და წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ამასთან, „ქოლიერსის“ კვლევის თანახმად, ბაზრის ზომა 22%-ით, 274 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.

„2024 წლის ოქტომბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 11%-ით გაიზარდა გარეუბანში, ქალაქის ცენტრში კი 1%-ით. რაც შეეხება ფართო ცენტრს, მაჩვენებელი 1%-ით, კვ.მ.-ზე 1 073 აშშ დოლარამდე შემცირდა.

2024 წლის ოქტომბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 9%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 14% და 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა,“- ნათქვამია კვლევაში.

თაია არდოტელი