მეცნიერულად დადასტურდა, რომ 2024 წელს დედამიწაზე ტემპერატურა 1,5 გრადუსით იზრდება. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის დედამიწის მეთვალყურეობის კლიმატის ცვლილების სამსახურმა "კოპერნიკუსმა" გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ მსგავს პროგნოზს ბევრი მკვლევარი აქამდეც აკეთებდა. სამსახურის შეფასებით, ეს მონაცემი ახლა უკვე დადასტურდა, რაც საგანგაშოა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს კლიმატურმა ცვლილებებმა საქართველოზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარეს ნინო ჩხობაძეს ვესაუბრეთ.
„საქართველოსთვის 2025 წელი არ იქნება მარტივი. შეიძლება მომავალი წელი არ იყოს ისეთი წვიმიანი, როგორც 2024, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელი უხვნალექიანი იყო, წყალსაცავები კვლავაც არ არის შევსებული. ამიტომ პრობლემური ხდება განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველო, სადაც ექსტრემალური პირობები ფიქსირდება უფრო ხანგრძლივი დროით, ვიდრე იყო მანამდე. შეგახსენებთ იმასაც რომ წელს ზაფხულში, კახეთში დაფიქსირდა, ქარბორბალა, რომელიც დიდი ხანია არავის ახსოვდა. ეს ყველაფერი კი სწორედ კლიმატის ცვლილების შედეგია.
აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც უფრო წყალდეფიციტურია, ვიდრე დასავლეთ საქართველო, უფრო მეტად გაიზარდა ექსტრემალური ტემპერატურის ხანგრძლივობა. კერძოდ, როგორც ადრე იყო, ისე ერთჯერადი აღარ არის და 4-5 დღე, ხან ერთი კვირაც გრძელდება, რაც იწვევს პრობლემას. თუ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით წინსვლა არ გვექნება, ეს პრობლემა ამ რეგიონში უფრო მკაფიო გახდება,“ - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.
კითხვაზე, როგორ შეიძლება ამ პრობლემის შეჩერება, ჩხობაძემ განაცხადა, რომ პირველ რიგში საჭიროა ემისიების შემცირება და ამ მხრივ ცვლილებები საქართველოში უკვე დაწყებულია.
„ამის გაჩერება როგორ შეიძლება, ამაზე ფიქრობს მთელი მსოფლიო. ერთ-ერთი გზაა ემისიების შემცირება. საქართველო ამჟამად იღებს ეროვნული მნიშვნელობის ვალდებულებებს. ეს იქნება ემისიების 50%-ის შემცირების პროგრამა 90-იან წლებთან შედარებით. ველოდებით, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ეფექტური გზა და ყველა ქვეყანა აიღებს თავის თავზე ამ ვალდებულებებს.
მაგრამ თუ საქართველოში არ იქნება ადაპტაციის პროგრამა კლიმატთან დაკავშირებით, ჩვენ ვერ შევძლებთ რაიმე სახის ღონისძიების გამართვას. მსგავს გეგმაზე ამ ეტაპზე მუშაობა ჯერ-ჯერობით არ მიდის ფართომასშტაბიანად. ელოდებიან, რომ მიღებული იქნება კანონი კლიმატთან დაკავშირებით, რასაც პირველ რიგში სრულფასოვანი პარლამენტი სჭირდება, რადგან უნდა მოხდეს მექანიზმების გაწერა და ამას საზოგადოებაში სერიოზული მხარდაჭერა სჭირდება,“ - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.