„ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის” ფარგლებში, შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” წარმომადგენლებმა, მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არასახიფათო ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტი დაათვალიერეს. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვიზიტის მთავარი მიზანი, ქვემო ქართლის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის ადგილმდებარეობის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება იყო.
ვიზიტის მონაწილეები ადგილზე გაეცნენ ახალი ობიექტის სტანდარტებს, ტექნოლოგიებს და შემდგომი ოპერირების წესებს, რომლებიც გათვალისწინებულია გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. ადგილობრივებს საშუალება ჰქონდათ შეკითხვები დაესვათ და დეტალური პასუხები მიეღოთ ექსპერტებისგან.
“პროექტით ძალიან დაინტერესებული ვარ. შეხვედრებს არაერთხელ დავესწარი და მოვისმინე ინფორმაცია. ჩემი ერთ-ერთი ინიციატივაც იყო, რომ მსგავსი უკვე აშენებული ობიექტი გვენახა და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. არ მოველოდი, რომ ასეთი სურათი დამხვდებოდა. ძალიან მომეწონა და ვფიქრობ, რომ ჩვენთანაც მსგავსი ობიექტი აშენდება,” - განაცხადა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს წარმომადგენელმა, ააიპ სათემო ფონდო კოდორი 2013-ის ხელმძღვანელმა, ელეონორა გურჩიანმა.
სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის ფარგლებში ახალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც თეთრიწყაროს, მარნეულის, ბოლნისის, დმანისისა და წალკის მუნიციპალიტეტებს მოემსახურება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ობიექტის მოწყობისა და აღჭურვის შედეგად, რეგიონში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ეკოლოგიური მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის.
პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური უზრუნველყოფით ხორციელდება.