„გიდასტურებთ, რომ მესტიის იმ ორ თემში ელექტროენერგია ნამდვილად გაითიშა, რადგან ჭარბი მოხმარებაა,” - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განუცხადეს „ენერგო პრო ჯორჯიაში”.
ცნობისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კატასტროფულად გაზრდილი ელექტროენერგიის მოხმარების გამო, ჭუბერისა და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში ტრანსფორმატორის გადაწვის თავიდან აცილების მიზნით, ელექტროენერგია გათიშულია. აღსანიშნავია, რომ მესტიის მერია ელექტროენერგის მოხმარების ზრდა კრიპტომაინინგის გააქტიურებას უკავშირებს.
„დაეყრდენით მერიის განცხადებას. მე, როგორც „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელი გიდასტურებთ, რომ ნამდვილად არის პრობლემა და მესტიის იმ ორ თემში ელექტროენერგია გაითიშა, რადგან ჭარბი მოხმარებაა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის ახალი ამბავი, 2018 წლიდან არის იქ ჭარბი მოხმარება, ვერ გეტყვით, რამდენით არის ელექტროენერგიის მოხმარება გაზრდილი. ჭარბი მოხმარება წლებია გრძელდება და ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი,”- განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიაში.
ცნობისთვის, სვანეთის მერია მოსახლეობას ე.წ. ბიტკოინის აპარატების გამორთვისკენ მოუწოდებს. მათი განცხადებით, ელექტროენერგიის მოხმარება განსაკუთრებით გაზრდილია ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში, რაც მერიის განმარტებით, მაინინგს უკავშირდება.