„ნავთობპროდუქტებით ჩვენს შიდაუზრუნველყოფას ეს მხოლოდ წაადგება“, - ასე აფასებს „ჯეოქეისის“ უფროსი მკვლევარი ლიანა ჯერვალიძე bpn.ge-თან ყულევის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას.
საუბარია, პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაზე, რომელსაც „ბლექ სი პეტროლიუმი" აშენებს. მისი ამოქმედება კი 2025 წლის მარტიდან იგეგმება.
„ნებისმიერი საწარმო, რომელიც გაიხსნება, არის საინტერესო. ის ტერიტორია იყო თავისუფალი, ყულევის, აზერბაიჯანული ტერმინალის მოპირდაპირე მხარეს. თუ იქ ნავთობგადამამუშავებელი ამუშავდება, რა საკვირველია, ძალიან საინტერესოა ჩვენთვისაც, იმიტომ, რომ პროდუქტების იმპორტიორი ვართ. მართალია, ძირითადად შემოტანილ პროდუქციას გადაამუშავებს, რადგან ჩვენ ნავთობის ის რესურსი არ გაგვაჩნია, რომ ქარხანა ვამუშაოთ. თუმცა, რკინიგზით, ცისტერნებით შეიძლება გადმოზიდვა, სხვადასხვა მიმართულებიდან და გადამუშავება, ამაში ცუდი არაფერი არ არის. პირიქით, ნავთობპროდუქტებით ჩვენს შიდაუზრუნველყოფას ეს მხოლოდ წაადგება“,- ამბობს ლიანა ჯერვალიძე.
ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ყულევის ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვებიდან არანაკლებ 10 წლის განმავლობაში წლიურად წარმოებული თითოეული სახის პროდუქციის არანაკლებ 10%-ის შეთავაზება უნდა მოხდეს საქართველო მთავრობისთვის. ამასთან, საქართველოსთვის შეთავაზებული პროდუქციის ღირებულება, უნდა იყოს საშუალო ფასზე 10 აშშ დოლარით ნაკლები.
კითხვაზე, გავლენას მოახდენს, თუ არა ეს ადგილობრივ ფასებზე, „ჯეოქეისის“ უფროსი მკვლევარი ამბობს, რომ ეს დამოკიდებული იქნება, რა რაოდენობის საწვავი მოხმარდება ადგილობრივ ბაზარს. მისი თქმით, თუ პროცენტული წილი გაიზრდება, იმპორტიორები იძულებულნი გახდებიან ფასები დააკორექტირონ.
„რა საკვირველია, თუ კონკურენტი გამოჩნდა უფრო დაბალი ფასით, იმპორტიორები (გარემომწოდებლები), იძულებულნი გახდებიან, რომ ამაზე რეაგირება მოახდინონ. მეორეს მხრივ, მათ ეცოდინებათ ქარხნის წარმადობა წლიური და აქედან გამომდინარე იმოქმედებენ. თუ ეცოდინებათ, რომ ახალი ქარხანა უზრუნველყოფს შიდამოხმარების 20%-ს და მეტს არა, მათ ნაკლები მოტივაცია ექნებათ, რომ ფასის შემცირებაზე იფიქრონ. თუ საუბარია იმაზე, რომ ექსპორტზე უნდა გავიდეს, ბუნებრივია, საგულისხმოა, რომ შიდამოხმარებისთვის ნაკლები საწვავი იქნება განკუთვნილი“, - ამბობს ლიანა ჯერვალიძე.
შეგახსენებთ, რომ ყულევში საინვესტიციო პროექტის განხორციელებას თავდაპირველად Socar Georgia Investments-ი გეგმავდა. აზერბაიჯანულ კომპანიას ადგილზე თავისუფალი ეკონომიკური ზონა უნდა შეექმნა და კარბამიდის ქარხანა აეშენებინა. თუმცა, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ აღნიშნული პროექტის განხორციელება საბოლოოდ გადაიფიქრა, 2016 წელს კი „სოკარის“ ვალდებულებები კომპანია “ფაზის ოილმა” გადაიბარა. კომპანია "ფაზის ოილი" ყულევის ნავთობგადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობის დაწყებას 2021 წლიდან გეგმავდა. თუმცა, ინვესტორმა ვალდებულებები ვერ შეასრულა და სახელმწიფოსგან 20 მლნ დოლარზე მეტის ჯარიმაც დაეკისრა. 2023 წელს კი, ცნობილი გადახდა, რომ ყულევში პროექტის განხორციელების უფლება ახალ ინვესტორს „ბლექ სი პეტროლიუმს“ გადაბარდა. წინა ინვესტორი კომპანია „ფაზის ოილი“ კი დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლდა.
რაც შეეხება ინვესტორ კომპანიას, „ბლექ სი პეტროლიუმი“ 2022 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის 70%-იანი წილი მაკა ასათიანს ეკუთვნის, 30% კი შპს TRADE STONE IBERIA-ს, რომლის ასევე 70%-იანი წილის მფლობელი არის მაკა ასათიანი, 10%-იანი წილი - სოფო თავართქილაძეს, ხოლო 20% შპს „თრეიდ სთოუნ იბერიას“ საკუთრებაშია.
ამასთან, როგორც ცნობილია, პროექტის ამოქმედებისას გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი პირობები:
საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია ააშენოს წელიწადში 2 921 000 ტონა მსუბუქი ნედლი ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობის მქონე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა;
ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვებიდან არანაკლებ 10 წლის განმავლობაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ „ევრო 5“-ის სტანდარტის ან/და მისი ეკვივალენტური ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის მსუბუქი და საშუალო დისტილატების წარმოება;
ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვებიდან არანაკლებ 10 წლის განმავლობაში წლიურად წარმოებული თითოეული სახის პროდუქციის არანაკლებ 10%-ის შეთავაზება უნდა მოხდეს საქართველო მთავრობისთვის;
საქართველოს მთავრობისთვის შეთავაზებული პროდუქციის ფასი უნდა იყოს საშუალო ფასზე 10 აშშ დოლარით ნაკლები;
წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 10 წლის განმავლობაში, ქარხანაში დასაქმებულთა არანაკლებ 70% დაკომპლექტებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეებით.