მეცნიერულად დადასტურდა, რომ 2024 წელს დედამიწაზე ტემპერატურა 1,5 გრადუსით იზრდება. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის დედამიწის მეთვალყურეობის კლიმატის ცვლილების სამსახურმა "კოპერნიკუსმა" გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ მსგავს პროგნოზს ბევრი მკვლევარი აქამდეც აკეთებდა. სამსახურის შეფასებით, ეს მონაცემი ახლა უკვე დადასტურდა, რაც საგანგაშოა.
როგორც „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ განაცხადა, ეს პროცესები დიდი ხანია მიდის და დაკვირვებამ აჩვენა, რომ ის განსაკუთრებით მწვავედ ევროპის კონტინენტზე დგას.
„დიდი ხანია უკვე ეს პროცესები მიდის. ამასთან დაკავშირებით, 11 ნოემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს 29-ე კონფერენციაზეც ისაუბრეს.
დიდი ხანია ცნობილია, რომ 2024 წელს დედამიწაზე ტემპერატურა 1.5 გრადუსით მეტია. მიმდინარეობს ყველა ქვეყანაზე დაკვირვება და ამ დაკვირვებებმა აჩვენა, რომ უფრო მეტად ექსტრემალური ტემპერატურა გვაქვს ევროპის კონტინენტზე. კარგად გვახსოვს შარშან რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში დაფიქსირებული 50 გრადუსი სიცხე და წლევანდელი ესპანეთის წყალდიდობა, რომელიც სწორედ ამ 50 გრადუსის შედეგია.
იცვლება სეზონური კატასტროფების პერიოდები - თუ აქამდე გარკვეული წყალდიდობები კონკრეტულ სეზონებზე იყო მოსალოდნელი, დღეს სრულიად მოულოდნელად, არასეზონზეც შეიძლება მოხდეს ისეთი რამ, რასაც სხვა დროს ვერ წარმოვიდგენდით. კლიმატის ცვლილებამ პრობლემები შექმნა სოფლის მეურნეობის სფეროშიც - თითქმის ვეღარ ხერხდება მაღალი ხარისხის პროდუქტის მიღება, რადგან ბევრ შემთხვევაში დამოკიდებულები არიან სწორედ კლიმატზე,“ - აღნიშნა მან.
იხილეთ ასევე: „2025 წელი არ იქნება მარტივი - პრობლემური ხდება განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველო“