„თითოეული პენსიონერისთვის 10 ლარის მომატებაც კი, ბიუჯეტიდან წლიურად დაახლოებით 100 მლნ ლარის ხარჯს ითხოვს“ - სოსო არჩვაძე

„რადგან საქართველოში 840 000-მდე პენსიონერია, თითოეული პენსიონერისთვის მხოლოდ 10 ლარით მომატებაც კი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან წლიურად დაახლოებით 100 მლნ ლარის დამატებითი ხარჯების გაღებას ითხოვს“,- ამის შესახებ სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო ცდილობს საბიუჯეტო რესურსი ოპტიმალურად გაანაწილოს.

„350 ლარამდე იზრდება მინიმალური საბაზისო პენსია და ასაკობრივი და გეოგრაფიული განფენილობის მიხევდით ის შეიძლება გაიზარდოს 440 ლარამდე და მეტადაც. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ რადგან საქართველოში 840 000-მდე პენსიონერია, თითოეული პენსიონერისთვის მხოლოდ 10 ლარით მომატებაც კი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან წლიურად დაახლოებით 100 მლნ ლარის დამატებითი ხარჯების გაღებას ითხოვს.

ქართული ანდაზაა: ჭამა ქონებაზე ჰკიდიაო. ამიტომ ბიუჯეტიდან შესაძლებელია მხოლოდ იმ რესურსების გაცემა, რისი განმკარგავიც არის კონკრეტულ მომენტში სახელმწიფო. თანაც, სახელმწიფოს ვალდებულება აქვს არა მხოლოდ პენსიონერების მიმართ, არამედ სხვა სოციალურ-ეკონომიკური ასპექტებით. ამიტომ სახელმწიფო ცდილობს ოპტიმალური დონე მოძებნოს იმისთვის, რომ პენსიებიც გაიზარდოს და სხვა საკითხებსაც მიხედოს“,- განმარტა მან.

როგორც სტატისტიკოსმა აღნიშნა, ბიუჯეტს საპენსიო თანხების გადახდის ვალდებულება ტვირთად აწევს, რადგან საქართველოს მოსახლეობა დიდი ხანია უკვე დაბერებულად ითვლება.

„პენსიონერთა რაოდენობა საქართველოში ძალიან დიდია. არსებობს ასეთი კრიტერიუმი, იმის დასადგენად, თუ რომელი ქვეყნის მოსახლეობა არის დაბერებული. თუ ქვეყანაში 65 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობის წილი აღემატება 7%-ს ამ ქვეყნის მოსახლეობა შეიძლება თამამად ჩაითვალოს დაბერებულ მოსახლეობად.ჩვენთან ეს მაჩვენებელი დიდი ხანია 15%-ს გასცდა“,- განაცხადა სოსო არჩვაძემ.

ნათია ზარიძე