სპორტის სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება - მიმდებარე ტერიტორიაზე უნიკალური სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა

სპორტის სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოხდება ასევე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება.

„სპორტის სასახლის შენობა წარმოადგენს მუნიციპალური საწარმოს საკუთრებას, რომელიც 2007 წელს ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემულია კომპანია "ლოჯი გრუპისთვის". სპორტის სასახლის ახლანდელი მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ბევრი ხარვეზი აქვს და საჭიროებს რეაბილიტაცია/განახლებას. ჩვენ ვიმუშავეთ შესაბამის კომპანიასთან და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ სპორტის სასახლეს რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს. რაც შეეხება უშუალოდ სამუშაოებს, ძალიან მალე დაიწყება.

მოწესრიგდება სპორტის სასახლის ყველა ძირითადი სივრცე. აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით. პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება სპორტის სასახლის გარშემო სარეკრეაციო და ისტორიული ფუნქციის აღდგენა. კატეგორიულად მიუღებელია რაც ხდება სპორტის სასახლის ირგვლივ არსებულ ტერიტორიაზე. სამუშაოების ფარგლებში მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა უნიკალური სარეკრეაციო სივრცე, მოხდება მეტროში ჩასასვლელი კიბების კეთილმოწყობა, ამავე ტერიტორიაზე მმართველი კომპანია გეგმავს პადელის ღია კორტების მოწყობას. ასევე მოწესრიგდება საპარკინგე ზონა, დარეგულირდება სატრანსპორტო გეგმა,“- აღნიშნა კალაძემ.

თაია არდოტელი