ევროკავშირის ქვეყნებში კარაქი 50%-ით გაძვირდა

ევროკავშირის ქვეყნებში კარაქზე საბითუმო ფიუჩერსები წლის დასაწყისიდან 49,5%-ით გაიზარდა და სექტემბერში ტონაზე ყველა დროის მაქსიმუმს, 8,150 ევროს მიაღწია.

ამის შესახებ Trading Economics-ის მონაცემებში წერია.

კერძოდ, პოლონეთში წლის დასაწყისიდან სტანდარტული შეფუთვის კარაქი 40%-ით, 8 ზლოტამდე გაძვირდა, ხოლო საახალწლო დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად ფასი შესაძლოა, 10 ზლოტამდე გაიზარდოს.

გერმანიაში კარაქი წლის დასაწყისიდან 39,7%-ით გაძვირდა და რეკორდულ დონეს მიაღწია. 250-გრამიანი შეფუთვის ფასი სუპერმარკეტებში 2,39 ევროდან იწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, კარაქის გაძვირება ევროპაში რძის წარმოების შემცირებით არის გამოწვეული. პრობლემა გვალვებმა შექმნა, რამაც ძროხებისთვის საკვების ხელმისაწვდომობა შეამცირა. შედეგად მათი პროდუქტიულობა შემცირდა.

ევროპაში ზოგიერთი ნახირი, ასევე, კატარალური ცხელების (ბლუტანგის) ეპიდემიით დაზარალდა, რამაც არა მხოლოდ შეზღუდა რძის წარმოება, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში ფერმერები აიძულა, ნახირი შეემცირებინათ.

კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც ევროპაში კარაქის გაძვირებაზე გავლენა მოახდინა, ელექტროენერგიისა და ტრანსპორტირების ხარჯის ზრდაა, რაც ფასების ზრდას წარმოების ყველა ეტაპზე იწვევს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ