მთავრობა მომავალ წელს ვაზიანის ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის 20 მლნ ლარს დახარჯავს - ამის შესახებ აღნიშნულია 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში. ამავე გეგმის მიხედვით, შემდგომ წლებში, 2026-დან 2028 წლის ჩათვლით ყოველწლიურად 100-100 მლნ ლარი გამოიყოფა. ჯამში ვაზიანის ახალი აეროპორტის მშენებლობა 340 მლნ ლარი დაჯდება, საიდანაც 20 მლნ ლარი მიმდინარე წელს დაიხარჯება.
„საქართველოს მთავრობის 2023 წლის 5 ივნისის #1054 განკარგულების თანახმად, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ და შპს „საქაერონავიგაციას“ დაევალათ ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობისთვის წინასწარი კვლევების ჩატარება, კვლევების შესაბამისად მისი ინფრასტრუქტურის დაპროექტების, დაგეგმვის, მშენებლობის, სათანადოდ აღჭურვისა და ოპერირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად. ამ ეტაპზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუშაობს Master-Plan ის და Feasibility-ის მომსახურებების შესყიდვაზე.
2025 წლის განმავლობაში იგეგმება: ტერმინალის პროექტირება, Air-side და Land-side პროექტირება, მიწების გამოსყიდვა, პერიმეტრის შემოღობვა (პროექტირება და მშენებლობა), წინასამშენებლო მოსამზადებელი სამუშაოები, Air-Side მშენებლობის დაწყება“, - აღნიშნულია 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო. მთავრობის პროგნოზით, 2028 წლის ბოლოს მზად იქნება ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ვაზიანის აეროპორტიდან პირველი ფრენები განხორციელდეს.