„მაინერების მოძიება თუ უნდათ, კარგად იციან, ვისთან აქვთ 3-ფაზიანი დენი შეყვანილი,“ - ამის შესახებ სასტუმრო Hotel Mountain Mestia-ს მეპატრონემ ნათია ნაცარაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სვანეთში აქტიური კრიპტო საქმიანობის გამო, პრობლემები არა მხოლოდ ადგილობრივ ბიზნესს, არამედ ყველა იქ მცხოვრებელს ექმნება, რადგან ზამთრის პერიოდში ელექტროენერგია ხშირად არ არის. როგორც სასტუმროს მეპატრონე ამბობს, ეს იმ პირობებში ხდება, როდესაც რეგიონში გათბობის სხვა ალტერნატივა ფაქტობრივად არ არსებობს.
ცნობისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კატასტროფულად გაზრდილი ელექტროენერგიის მოხმარების გამო, გუშინ ჭუბერისა და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში ტრანსფორმატორის გადაწვის თავიდან აცილების მიზნით, ელექტროენერგია გაითიშა.
მესტიის მერია ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას უკანონო კრიპტომაინინგის გააქტიურებას უკავშირებს და მოსახლეობას ე.წ. ბიტკოინის აპარატების გამორთვისკენ მოუწოდებს.
„ენერგო პრო ჯორჯიაში“ კი აცხადებენ, რომ რეგიონში ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარება 2018 წლიდან გრძელდება. თუმცა კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ეს მაინინგს, ამბობენ, რომ ამას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია უკავშირებს.
„მხოლოდ ბიზნესს არა, ყველა მაცხოვრებელს ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ჩვენთან გაზი არ არის, შესაბამისად, ალტერნატიული საშუალებაც არ გვაქვს, არც გათბობის მხრივ. შეშის მოპოვებაზეც სულ პრობლემებია, ნებართვის გარეშე არ შეიძლება, რეალურად, მხოლოდ დენზე ვართ და როდესაც ხაზები გადატვირთულია, იწვება ეს ტრანსფორმატორები. შესაბამისად, პრობლემა ექმნება მოსახლეობას, როგორია, როდესაც ამ გამყინვარებაში არ გაქვს ელექტროენერგია.
განსაკუთრებით სირთულეები შეიქმნა შარშან, ძველ უბანს, კოშკების მხარეს, საერთოდ არ ჰქონდა ელექტროენერგია მთელი ახალი წლების განმავლობაში. ძირითადი დატვირთვა არის ხოლმე 25 დეკემბრიდან, გათიშვები რომ დაიწყება, ხშირად, ძველით ახალ წლამდე არ არის დენი. ძალიან კარგად იციან, ვისაც უყენია მაინინგის აპარატები, მაინინგს ვერ ჩართავ თუ 3-ფაზიანი დენი არ შეიყვანე, შესაბამისად, მრიცხველიც უნდა დაედგათ. ამიტომ, „ენერგო პრო ჯორჯიამ“ ძალიან კარგად იცის, ვის აქვს ეს მაინერები დაყენებული, ახლა რომ გამოდიან, ვითომ არ იციან, ეს არის აბსურდი. მთელი ზამთრის პერიოდი, ამ ძველ უბანში ბიზნესი ჩავარდნილია.
გათბობა რომ არ გაქვს და დენი, ტურისტიც არ მოვა. ხშირად საბაგიროებიც ითიშება. არ ვიცი, ეს ძველი ხაზების გამო ხდება თუ ელექტროენერგიის მიწოდების, მაგრამ, ფაქტია, პრობლემაა ესეც. მაინერების მოძიება თუ უნდათ, ძალიან კარგად იციან, ვისთან აქვთ 3-ფაზიანი დენი შეყვანილი,“ - ამბობს ნათია ნაცარაშვილი.