„ქარხნებს 25 -30 ათას ლარიანი ჯარიმა მიუვიდათ - ეს ყველაფერი საბოლოოდ პურის თვითღირებულებაზე აისახება“

„ძალიან დიდი ჯარიმები მოუვიდა ქარხნებს დისტრიბუციაში. თითოეულ ქარხანას 25 000 -30 000 ლარი, რაც ძალიან დიდი რიცხვია“ - როგორც „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე ,,მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ეს მათი ახალი გამოწვევაა, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს.

„უკვე რამდენიმე წელია, ერთადერთი პროდუქტი, რომელიც სტაბილურად ინარჩუნებს ფასს, ეს არის პური. მაგრამ გაჩნდა ახალი გამოწვევები, რაც ნამდვილად საფიქრალია - მინდა მოვუწოდო იმ ორგანიზაციებს, ვისაც ეს ხელეწიფება: ძალიან დიდი ჯარიმები მოუვიდა ქარხნებს დისტრიბუციაში. თითოეულ ქარხანას 25 000 -30 000 ლარი, რაც ძალიან დიდი რიცხვია.

პურს ყოველთვის ჰქონდა მიწოდების განსაკუთრებული პირობები, რადგან ის პირველადი მოთხოვნილების პროდუქტია და მაღაზიას მოთხოვნისთანავე უნდა მიეწოდოს. ის წესები კი, რომლების შემოიღეს, ვგულისხმობ გადამკვეთ ხაზებს, ასევე სავაჭრო ცენტრები ჩვენთან არ არის სათანადოდ მომზადებულები, რომ ცალკე ჰქონდეს მისაღები ბაქანი, არ არის ღამის მიღების საათები, სადისტრიბუციო მანქანის დაჯარიმება მხოლოდ იმიტომ, რომ ის მოთხოვნილ დროს აწვდის მაღაზიას პურს, ძალიან საკამათო თემაა. უკვე ვთხოვე მერიას და შესაბამის სამსახურებს და კიდევ ვთხოვ, რომ გაითვალისწინოთ, რადგან საბოლოოდ, ეს ჯარიმები თვითღირებულებაზე აისახება. არის მაღაზიები, რომლებიც პურს დღეში სამჯერ იღებენ პურს“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

მისი თქმით, ის, რომ ფქვილის პრობლემა მოგვარებულია, კარგია, მაგრამ ახლა ჯარიმების სახით ახალი საფიქრალი აქვთ.

ეკა დარჩიაშვილი