„მხოლოდ ფოთის ნავსადგურში შეინიშნება საკონტეინერო ნაკადის ინტენსიური ზრდა - ეს ავტოიმპორტის დამსახურებაა”

„საკონტეინერო ნაკადის ინტენსიური ზრდა მხოლოდ ფოთის ნავსადგურში შეინიშნება,“ - ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორმა პაატა ცაგარეიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, საექსპერტო დონეზე უნდა იყოს შესწავლილი, რამდენად ვიყენებთ სატრანსპორტო დერეფნის გეოპოლიტიკურ შესაძლებლობებს.

„პოლიტიკურ ანტურაჟში ხშირად ფიგურირებს სატრანსპორტო დერეფნის, როგორც ეკონომიკური წინსვლის წითელი ხაზი, მაგრამ აუცილებელია საექსპერტო დონეზე იქნას შესწავლილი, რამდენად ვიყენებთ იმ გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას, რაც 2022 წლის თებერვლის შემდეგ გაიხსნა.

ჩვენ დავაკვირდით 15 სატრანსპორტო ნაკადს - სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო მიმართულებას, სატრანზიტო ნაკადებს, მილსადენის ნაკადებს და გარკვეული სურათი შეიქმნა. რა ტვირთნაკადიც უნდა მოსულიყო რეალურად, არ მოვიდა, მეტიც, 2022 წელს მოხდა ტვირთნაკადის საფეხურებრივი ზრდა და შემდეგ სტაგნაციურ პროცესებში შევიდა ქვეყანა. მხოლოდ ფოთის ნავსადგურში შეინიშნება საკონტეინერო ნაკადის ინტენსიური ზრდა, უფრო კონკრეტულად ეს არის ავტოიმპორტის დამსახურება. აქვე აღსანიშნავია, რომ უკვე მეოთხე წელია ფოთის ნავსადგური განვითარების საშუალებას ითხოვს, ჩრდილოეთის მიმართულებით და ეს საკითხი კიდევ არ არის გადაწყვეტილი,“ - აღნიშნა პაატა ცაგარეიშვილმა.

მისი თქმით, პრობლემებია დერეფნის უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.

„ტვირთების გადაზიდვის თვალსაზრისით საქართველოზე გამავალი დერეფანი უსაფრთხო არ არის. უფრო კონკრეტულად კი, ცენტრალური აზიის ქვეყნები, რომლებსაც ძვირადღირებული ტვირთები გააჩნია: სპილენძი, ალუმინი და ა.შ. ერიდებიან ისეთ მთა-გორიან და სარისკო დერეფანში გატარებას, სადაც მათი ტვირთი შეიძლება დაზიანდეს, რადგან ერთი ვაგონის ღირებულება 300 ათას ევრომდე კვოტირებს,“ - განაცხადა სატრანსპორტო კვლევის ცენტრის დირექტორმა.

ეკა დარჩიაშვილი