აშშ-ჩინეთის ურთიერთობა ტურბულენტური პერიოდის მოლოდინში - როგორია პროგნოზები

როცა ჩინეთის მმართველმა, სი ძინპინმა გასულ კვირას დონალდ ტრამპს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, მან იმედი გამოთქვა, რომ ორივე ქვეყანა ახალ ეპოქაში სწორ გზას იპოვის და ურთიერთშეთანხმება დანარჩენ მსოფლიოს სარგებელს მოუტანს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაო ნინგმა კითხვაზე, თუ როგორ უპასუხებს ჩინეთი ტრამპის პრეტენზიას ჩინეთიდან საქონელზე დაწესებული ტარიფების შესახებ, განაცხადა, რომ სავაჭრო ომში გამარჯვებული არ არსებობს და ამისგან სარგებელი არც მსოფლიოს ექნება.

ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ბევრი მოელის, რომ მომავალი პრეზიდენტი უფრო მკაცრი იქნება ჩინეთის მიმართ, ვიდრე მისი წინამორბედი, განსაკუთრებით სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებში, რაც ისედაც გაჭირვებულ ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს.

„ჩინეთის ETF-ებმა დიდი დარტყმა მიიღეს, რადგან ტრამპი ისტორიულად ორიენტირებული იყო ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებაზე, რათა გაზარდოს ამერიკული წარმოება“, - განაცხადა როქსანა ისლამმა, TMX VettaFi-ის სექტორისა და ინდუსტრიის კვლევის ხელმძღვანელმა.

Bloombeg-ი წერს, რომ UBS-მა 2025 წლის ზრდის პროგნოზი შეამცირა და ჩინეთის ეკონომიკის ზრდა 2025 წელს 4%-ით ივარაუდა. გამოცემა ვარაუდობს, რომ აზიის უმსხვილესი ეკონომიკა 2026 წელს კიდევ უფრო დაბალი ტემპით გაიზრდება.

„ტრამპის ხელახალი არჩევა აშშ-ს პრეზიდენტად არ გააუმჯობესებს ურთიერთობებს ჩინეთთან, მაგრამ გააგრძელებს სანქციებს და სავაჭრო ომს ტარიფების გაზრდით“, - განაცხადა ვეტერანმა პოლიტიკურმა ჟურნალისტმა გაო იუმ. ამ განცხადების მიზეზად კი მან ჩინეთის საფონდო ბირჟების მკვეთრი ვარდნა დაასახელა.

რანა მიტერმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის ჩინეთის ცენტრის დირექტორმა, განაცხადა, რომ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობა სავარაუდოდ, ტურბულენტურ პერიოდს გაივლის იმ შემთხვევაში თუ ტრამპი შეასრულებს თავის პირობას ჩინურ იმპორტზე 60%-იანი ტარიფებს დააწესებს.

ეკა დარჩიაშვილი