„როცა გლობალურ ფასებს არ მივყვებით, ე.ი უფრო დაბალფასიანი ბაზრები გვაქვს ათვისებული“  - ეკონომისტი ინფლაციაზე

მაშინ, როდესაც მსოფლიოში ფასები იზრდება, საქართველოში, რომელიც ფაქტობრივად, იმპორტდამოკიდებულია, პირიქით ხდება და ინფლაციის მაჩვენებელი ყოველთვიურად კლებულობს. გლობალურ ტენდენციასთან აცდენის მთავარი მიზეზი კი, როგორც ეკონომისტების ნაწილი ამბობს, შესაძლოა, დაბალფასიანი ბაზრების ათვისება იყოს.

ცნობისათვის, 2024 წლის ოქტომბერში სურსათს გლობალურმა ფასებმა 18-თვიან მაქსიმუმს მიაღწია. კერძოდ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, წლიური თვალსაზრისით ინდექსი 5,5%-ით გაიზარდა.

ამასთან, ფასები, ხორცის გარდა, ყველა კატეგორიაში გაიზარდა, ხოლო მცენარეული ზეთები ყველაზე მეტად, ანუ თვიდან თვემდე 7%-ით გაძვირდა.

რაც შეეხება საქართველოს, 2024 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ ასევე 0.3 პროცენტი შეადგინა.

ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია ამბობს, რომ ზოგად ტენდენციაში გლობალურ ფასებს მივყვებით, თუმცა ჩვენთან ინფლაციის შედარებით დაბალ მაჩვენებელს ცალკეული პროდუქტები განსაზღვრავენ, შესაბამისად, „როცა გლობალურ ფასებს არ მივყვებით, ე.ი უფრო დაბალფასიანი ბაზრები გვაქვს ათვისებული“.

“სამომხმარებლო კალათაში პროდუქტები ერთმანეთს არ ემთხვევა და შესადარისი არ არის, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ტენდენციას დაახლოებით მივყვებით. უბრალოდ, ჩვენთან უფრო დაბალპროცენტიანი ზრდა არის, ვიდრე FAO-ს მონაცემებია.

ამასთან, წლიურ ჭრილში როცა განვიხილავთ, ჩვენთან წინა პერიოდში უფრო მაღალი ზრდა გვქონდა, შესაბამისად, საბაზო ეფექტი უფრო მაღალია და ამ პროცენტული განსხვავებების ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის. კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ კონკრეტულად ზეთის მაგალითზე 7.3% იყო FAO-ს მიხედვით, საქართველოში გვაქვს 1.67%-ანი ზრდა, რაც ძალიან დიდი სხვაობაა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აქ შეიძლება იყოს ის, რომ როცა გლობალურ ფასებს არ მივყვებით, ე.ი უფრო დაბალფასიანი ბაზრები გვაქვს ათვისებული, რაც ხარისხზეც შესაბამისად ისახება. ზეთი არის ყველაზე კარგი მაგალითი, რომლის მთავარი იმპორტიორი არის რუსეთი“,- ამბობს ირაკლი მაკალათია.

ნინი ქეთელაური