2024 წლის 1-ელი დეკემბრიდან, იუსტიციის სახლებში ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, ასევე, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის ნებართვების მოპოვების მიზნით შესაბამისი განცხადებების მიღება დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს განცხადებით, სერვისებზე ხელმისაწვდომობა იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში იქნება შესაძლებელი, რაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს ქვეყნის მასშტაბით მიიღონ ზემოაღნიშნული მომსახურება.
„ხსენებული ნებართვები სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაიცემა 3 წლის ვადით და მათი მიზანია ხელი შეეწყოს მგზავრთა გადაყვანისა და მომსახურების პირობების გაუმჯობესებას, საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლებას, საავტომობილო სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოსა და ეფექტიანი მონიტორინგის სისტემის შექმნას, ასევე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის პროცესის განვითარებას“,- აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.