„ალბათ აპირებენ დაჰყვნენ სახლებს და თითო მაინერი ამოიღონ“ - "კრიპტო ბაზრის" დამფუძნებელი

„მაინერებმა გამოაცოცხლა სვანეთი. ადგილობრივებს რომ მაინერები არ ჰქონოდათ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იქნებოდნენ,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „კრიპტო ბაზრის“ დირექტორმა ავთანდილ კუჭავამ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის საპასუხოდ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ მესტიის მერიამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ კატასტროფულად გაზრდილი ელექტროენერგიის მოხმარების გამო, ჭუბერისა და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში ტრანსფორმატორის გადაწვის თავიდან აცილების მიზნით, ელექტროენერგია იყო გათიშული. აღსანიშნავია, რომ მესტიის მერია ელექტროენერგის მოხმარების ზრდას უკანონო კრიპტომაინინგის გააქტიურებას უკავშირებს. მერიამ მოსახლეობას ე.წ. ბიტკოინის აპარატების გამორთვისკენ მოუწოდა.

როგორც „კრიპტო ბაზრის“ დირექტორმა ავთანდილ კუჭავამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, სვანეთში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო იქმნება, რომლის განახლებისთვისაც არაფერი კეთდება.

„მესტიაში ბევრ ადგილობრივს აქვს მაინინგი და ამუშავებენ. ეს მათთვის შემოსავლის წყაროა. ალბათ გულისხმობენ ამ ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ ერთი მაინერი აქვთ, რომელიც მათ ათბობთ და პლუს აძლევთ თანხას. ისინი გაუტოლეს ნარკორეალიზატორებს და ალბათ, აპირებენ დაჰყვნენ მოსახლეობის სახლებს და თითო მაინერი ამოიღონ. ამას ტაშს დაუკრავს საზოგადოება, მაგრამ მთავარი პრობლემა ისევ დარჩება.

რეალურად, პრობლემა მაინერების ჩართვა კი არ არის, არამედ მოძველებული ინფრასტრუქტურა. საბჭოთა კავშირის შემდეგ ქსელები არ განახლებულა. თითო მაინერის პატრონები შიშში და შანტაჟში ჰყავთ. მიმდინარეობს მათი გაშავება, თუკი ხმას ამოიღებენ. რეალურად, მათი წილი ელექტროენერგიის მოხმარებაში მინიმალურია. პრობლემას ქმნის ის, რომ ელექტროენერგიის 50%-ს მიწოდებისას კარგავენ ქსელის უხარისხობის და გაუმართაობის გამო.

მაინერებმა გამოაცოცხლა სვანეთი. ადგილობრივებს რომ მაინერები არ ჰქონოდათ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იქნებოდნენ. მაინერებამდეც სვანეთში დღეში სამჯერ ითიშებოდა დენი. ამიტომ კრიპტომაინინგები კი არ უნდა გამოირთოს, ინფრასტრუქტურა უნდა განახლდეს. დაასახელონ ბიზნესის სხვა სფერო, რომელმაც ასეთი ეკონომიკური დოვლათი მოუტანა მოსახლეობას. ამიტომ, მხოლოდ მესტიაში კი არა, კრიპტომაინინგები. მთელ ქვეყანაში, ყველას უნდა გვქონდეს ჩართული,“- აცხადებს კაჭარავა.

ნათია ზარიძე