„ძალიან დიდი სხვაობაა ფასებში, კაპიკებში შემოდის და ვერ გავიგე, როგორ ხდება ეს“ - კივის მწარმოებლები

ადგილობრივი ბაზრისთვის მთავარი გამოწვევა პროდუქტის უკონტროლო იმპორტი და არათანაბარი ფასებია - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ კივის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი დემურ ფიფია საქართველოში კივის მზარდ იმპორტს.

„ადგილობრივ ბაზარზე იმპორტი გვიშლის ხელს. უკონტროლოდ შემოდის კივი გაცილებით დაბალ ფასად. ძალიან დიდი სხვაობაა ფასებში, კაპიკებში შემოდის და ვერ გავიგე, როგორ ხდება ეს, ან დატვირთვა არ სჭირდება, ან გზის ხარჯები?

ყველაზე მეტი კივი ირანიდან შემოდის, აცლიან ეტიკეტს და ყიდიან როგორც ქართულ კივს. არსებობს ვერსიაც, რომ შესაძლოა, ხე-ტყის ბარტერით ხდება კივის ასე იაფად შემოტანა ირანიდან.

არადა, ქართული კივი ირანულისგანაც და ევროპულისგანაც ხარისხით გაცილებით მაღალია. უკვე მგონია, რომ ეს მიზანმიმართული დივერსიაა, რომ საქართველოში კივის კულტურა არ არსებობდეს.

საერთოდ, როცა ქვეყანასთან საბაზრო ურთიერთობა გვაქვს, უნდა შემოდიოდეს კიდეც პროდუქცია, მაგრამ რაც აქ ხდება, წარმოუდგენელია, არ ხდება იდენტიფიცირება, საიდან მოდის, აქვს თუ არა სერთიფიკატი და ა.შ. მთავრობამ წელს მიიღო დადგენილება, რომ დაჯარიმდებიან ის სავაჭრო ობიექტები, რომლებიც არ დააფიქსირებენ, სადაური წარმოშობისაა ესა თუ ის პროდუქტი,“ - აღნიშნა დემურ ფიფიამ.

ცნობისათვის, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში კივის იმპორტის მაქსიმუმი დაფიქსირდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, წელს 1 980 ტონა (1.108 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა, რაც გასულ წლებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რაც შეეხება ქვეყნებს, საინადაც წელს, იანვარ-სექტემბერში პროდუქტი ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა, ესენია, ირანი, თურქეთი და ნიდერლანდები.

ეკა დარჩიაშვილი