„გათბობა-ცხელ წყალზე მომხმარებელი ბევრად უფრო ნაკლებს გადაიხდის“ - რა იცვლება

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში სიახლეებია. „სემეკის“ მიერ შემუშავებული ცვლილებების მიხედვით, შესაძლებელი ხდება საერთო გათბობის ქვაბის მონტაჟი, სადაც ამ ქვაბის მიერ მოხმარებულ ბუნებრივ გაზზე საფასური საყოფაცხოვრებო ტარიფით დაერიცხება, ამ ცენტრალური გათბობის მოსარგებლეთა ინდივიდუალური თბოენერგიის მრიცხველების გამოყენებით.

ამასთან, ახალი სისტემა განახლებად ენერგიის სხვადასხვა წყაროს (მაგ. მზის ენერგიის) გამოყენებით, გაზის მოხმარებას წლიურად 70%-მდე შეამცირებს.

უფრო კონკრეტულად, რა იცვლება ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში, ამასთან, ვის შეეხება ცვლილებები, „ბიზნესპრესნიუსი“ „სემეკის” რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორს ვანო მეჭურჭლიშვილს ესაუბრა.

რას გულისხმობს ახალი რეგულაცია?

ამ საკითხს რამდენიმე წელია ვაკვირდებით და ვცდილობთ, რომ ის პრობლემები, რაც ხელს უშლის გათბობის დარგის განვითარებას, აღმოვფხვრათ. მოგეხსენებათ, 90-იან წლებში საქართველოში საერთოდ გაქრა გათბობის სექტორი და ვფიქრობ, „სემეკის“ მიერ განხორციელებული ცვლილებებით, ძირითადი ხელის შემშლელი გარემოებები იდენტიფიცირებულია და მოხდა მათი განეიტრალება. რაც შეეხება კონკრეტულად რეგულაციას, ცვლილებების თანახმად, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მრავალბინიანი სახლის ცენტრალური გათბობის მფლობელ-მომხმარებლად რეგისტრირებული (ეს იქნება ფიზიკური პირი, იურდიული პირი თუ ამხანაგობა), მოხმარებულ გაზს საყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება ამ ცენტრალური გათბობის სისტემაზე მიერთებული მომხმარებლების მიზნობრიობიდან გამომდინარე. თუმცა, იმისთვის, რომ ამ სისტემამ იმუშაოს, აუცილებელია, ვიცოდეთ, საყოფაცხოვრებო მოხმარების წილი, რისი გაგებაც შესაძლებელია, მხოლოდ თბოენერგიის ინდივიდუალური მრიცხველებს მეშვეობით (ე.წ. ჭკვიანი მრიცხველებით). ასევე აუცილებელია, რომ ცენტრალური გათბობის სისტემა სარგებლობდეს განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროთი (ბუნებრივ გაზზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით).

რა პრობლემები იყო მანამდე და როგორ ხდებოდა ტარიფის დარიცხვა?

აქ პრობლემა ის იყო, რომ სანამ ეს რეგულაცია იქნებოდა, ვინც რეგისტრირებული იყო ცენტრალური გათბობის მომხმარებლად, იმის მიხედვით ხდებოდა ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფის დარიცხვა, მათ შორის კი ძალიან დიდი სხვაობაა. შესაბამისად, ვერ რეგისტრირდებოდა მომსახურე კომპანია მომხმარებლად იმის გამო, რომ მაშინ ამ გათბობის სისტემებზე უნდა გადაეხადა თითქმის ორჯერ უფრო მეტი გადასახადი. ალტერნატივა იყო, რომ მრავალბინიან სახლებში დარეგისტრირებულიყო ამხანაგობა. ამხანაგობის რეგისტრაციას კი ის პრობლემა აქვს, რომ ძალიან რთულია სოლიდარულ პასუხისმგებლობაში შეხვიდე შენს მეზობელთან, გადაუხდელობის შემთხვევაში.

მაშინ, როცა ყოველთვიურად ხდება გადახდა და ძალიან ბევრი უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებაა საჭირო იმისთვის, რომ ამხანაგობამ შეძლოს ასეთი პასუხისმგებლობის აღება. შესაბამისად, ამ ცვლილებით, თუ მრავალბინიანი სახლის ცენტრალური გათბობის სისტემა დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, დააყენებს ინდივიდუალურ თბოენერგიის მრიცხველებს, ეს მრიცხველები დაუკავშირდება გაზის განაწილების ლიცენზიანტის სერვერს, რომელიც შეძლებს საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების წილის გამოყვანას და ისე დაარიცხავს ბუნებრივი გაზის საფასურს.

გარდა ამისა, აქ არის ძალიან ბევრი საყურადღებო გარემოება, თუნდაც, უსაფრთხოების კუთხით. იმის გამო, რომ ჩვენთან აღარ არსებობს გათბობის დარგი, ვნახეთ თუ რამხელა უკიდურესობაში გადავვარდით, კორპუსებს აშენებენ ენერგოეფექტურობის და გარემოსთან მეგობრული სხვადასხვა დასახელებებით, მაგრამ ადგილზე მივდივართ და თითოეულ ბინაში არის მოწყობილი ინდივიდუალური ქვაბები. წარმოიდგინეთ, რამდენად საშიში გარემო იქმნება, ევროპის ერთ პატარა ქალაქში არ არის გათბობის იმდენი ქვაბი, რაც ჩვენთან ერთ კორპუსშია. ყველაფერს აქვს თავისი რისკი, ქარხნული წუნი და ძალიან რთულია მისი სწორი ექსპლუატაცია დროში.

შესაბამისად, ამ სისტემის დანერგვით ამ რისკების მთლიანად არიდება ხდება მომხმარებლის მიერ. თან იმისთვის რომ ელემენტალურად ხელი დავიბანოთ მოვიხმართ ბუნებრივ გაზს რომელიც იმპორტირებულია სხვა ქვეყნიდან და უარს ვამბობთ უფასო მზის ენერგიის გამოყენებაზე.

სად მონტაჟდება ეს სისტემები?

ამ სისტემების განთავსება, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, როგორც წესი ხდება შენობის სახურავზე, მონტაჟდება მაღალ ეფექტური ქვაბი, ადგილი აქვს მოხმარების ერთდროულობის კოეფიციენტს, მომხმარებელი იხდის მისი მოხმარების შესაბამისად და უჩნდება შესაძლებლობა გამოიყენოს მზის ენერგია - შესაბამისად, მომხმარებელი ყოველთვიურად ბევრად უფრო ნაკლებ თანხას გადაიხდის და იცხოვრებს უსაფრთხო და ეკო მეგობრულ გარემოში.

რამდენად ნაკლებს? თუ შეგიძლიათ პროცენტულად რომ გვითხრათ?

ძალიან რთულია ასე პასუხის გაცემა, მაგრამ წარმოიდგინეთ, საყოფაცხოვრებო ტარიფი ორჯერ უფრო ნაკლებია, არასაყოფაცხოვრებოზე. მერე, მეორე, ასეთი ქვაბები ძალიან მაღალი ენერგოეფექტურობით გამოირჩევიან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აქ შეგვიძლია ვისარგებლოთ მზის ენერგიითაც (მისი ეფექტურობა საქართველოში ძალიან მარალია). თუ ეფექტურად გამოვიყენებთ მზის ენერგიის კოლექტორებს, ერთმა კორპუსმა რომ დააყენოს 3/4 ასეთი კოლექტორი, ზაფხულის განმავლობაში, ეს მთლიანად ჩაანაცვლებს გაზის მოხმარებას. წლის განმავლობაში კი, გაზზე დამოკიდებულება სადღაც 70%-მდე შემცირდება. ამ სისტემას შეუძლია, რომ სადღაც 5-6 წელიწადში მთლიანად გამოისყიდოს თავის თავი (ინდივიდუალური ქვაბის დაყენება რაც ჯდება, ამ სისტემის მოწყობა არ დაუჯდება თითოეულ მომხმარებელს ამდენი). რაც მთავარია, ამ სისტემის მოწყობას თუ გაითვალისწინებს სამშენებლო საპროექტო ორგანიზაცია, მშენებლობის ეტაპზე, ბევრად უფრო იაფი დაჯდება.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ცვლილებები ეხება 2025 წლიდან ექსპლუატაციაში შესულ მრავალბინიან საცხოვრებლებს, სავალდებულოა თუ არა ამ რეგულაციის შესრულება?

ეს რეგულაცია ნებაყოფლობითია, არ არის სავალდებულო. შეიძლება ითქვას, რომ შესაძლებლობაა, რომელიც შეუძლიათ, რომ გამოიყენონ. ამის გარეშე შეუძლებელია ვისაუბროთ თანამედროვე, ენერგოეფექტურ ნაგებობაზე. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა როდის არის შენობა აშენებული, მთავარია აკმაყოფილებდეს ამ სისტემის მონტაჟისთვის აუცილებელ პირობებს.

ნინი ქეთელაური