რუსეთმა ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა შესაძლოა, მოხსნას

რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ შიდა ბაზარზე სტაბილური ფასების ფონზე ბენზინის ექსპორტზე შესაძლოა, აკრძალვა მოხსნას. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა სერგეი ცივილევმა განაცხადა, რასაც “ინტერფაქსი” ავრცელებს.

„ენერგეტიკის სამინისტრომ მოამზადა თავისი წინადადებები ბენზინის ექსპორტის აკრძალვის მოხსნის შესახებ და მთავრობას განსახილველად უკვე წარუდგინა. ჩვენ ექსპორტზე შეზღუდვებს მოვხსნით, რადგან ფასები და ბაზრის მდგომარეობა სტაბილურია,“ - აცხადებს ცივილევი.

ცნობისთვის, მარტში რუსეთის რამდენიმე უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ქვეყანაში ბენზინის წარმოება შემცირდა. ამის გამო ფედერაციის მთავრობამ 1-ლი მარტიდან რუსეთიდან ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა ექვსთვიანი ვადით ანუ აგვისტოს ბოლომდე დააწესა, რომ საწვავის დეფიციტი თავიდან აეცილებინა. შიდა ბაზრის გაჯერების ფონზე და გადამამუშავებელ ქარხნებში მარაგის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად აკრძალვა ჯერ 20 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით, შემდეგ კი ივლისის ბოლომდე მოიხსნა, თუმცა 1-ლი აგვისტოდან ისევ ამოქმედდა და 31 დეკემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა. აკრძალვა არ ეხება საერთაშორისო-სამთავრობათაშორისო შეთანხმებების ფარგლებში, მათ შორის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში მიწოდებებს, ასევე, მოქალაქეების მიერ პირადი სარგებლობისთვის და საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისთვის ექსპორტირებულ საწვავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ