ისრაელში ტრამპის სახელობის ღვინო გამოუშვეს

ისრაელის ღვინის ქარხანა Psagot Winery-მ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების საპატივცემულოდ ღვინო „პრეზიდენტ ტრამპის" სახელწოდებით გამოუშვა. ინფორმაციას Israel National News ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მეღვინეებმა დონალდ ტრამპის პატივსაცემად ღვინისთვის მისი სახელის დარქმევა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ის ებრაელი ხალხის დასაცავად განცხადებებს აქტიურად აკეთებს.

„ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ ისრაელის ნამდვილი მეგობრისა და მოყვარულის, პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვება აღგვენიშნა,“ - აცხადებს Psagot Winery-ის აღმასრულებელი დირექტორი და მფლობელი იაკოვ ბერგი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე Psagot Winery-ის ღვინით სტუმრებს ერთ-ერთ მიღებაზე გაუმასპინძლდნენ, რომელიც დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატისა და არჩევნებში დამარცხებული კამალა ჰარისის მიერ იყო ორგანიზებული. მაშინ The New York Post-მა ამას ჰარისის მხრიდან პოლიტიკური წინდაუხედაობა უწოდა.

ცნობისთვის, Psagot Winery მცირე ღვინის ქარხანაა, რომელიც ისრაელში 2003 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი იაკოვ ბერგია. ბოლო მოსავალმა მეღვინეობას დაახლოებით, 1 მლნ ბოთლი მოუტანა. თავისი ღვინის 70%-ზე მეტი Psagot Winery-ს მსოფლიოს ათზე მეტ ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე. კომპანია ცნობილი 2020 წლის თებერვალში გახდა, როცა ერთ-ერთ თავის ღვინოს, ასევე, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს სახელი დაარქვა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ