„ობიექტები, რომლებიც ვერ ახერხებენ კადრების მოძიებას, შესაძლოა, 24-საათიანი აღარ იყოს“

„ისეთი ობიექტები, რომლებიც ვერ ახერხებენ საკადრო რესურსის მოძიებას (ან ისეთი ობიექტები, რომლებიც 24-საათიანი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, არ არიან ოპტიმიზირებულები), შესაძლოა, 24-საათიანი აღარ იყოს,“ - ამის შესახებ რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი ხაბაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სუპერმარკეტების ქსელებში საკადრო დეფიციტი, ძირითადად ახალმა სფეროებმა გააჩინა, სადაც დასაქმება არასრული განაკვეთით და ამასთან, ონლაინ არის შესაძლებელი.

„ამ მომენტისთვის არ მაქვს ინფორმაცია, რომ 24-საათიანი მაღაზიების მასიური დახურვა იგეგმება, თუმცა, რა თქმა უნდა, ისეთი ობიექტები, რომლებიც ვერ ახერხებენ საკადრო რესურსის მოძიებას (ან ისეთი ობიექტები, რომლებიც 24-საათიანი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, არ არიან ოპტიმიზირებულები), შესაძლოა, 24-საათიანი აღარ იყოს. ანუ, მარკეტი კი არ იხურება, უბრალოდ, 24-საათიანი აღარ არის. ეს, რა თქმა უნდა, საკადრო დეფიციტის ბრალია. ამ მხრივ, ძალიან რთულია, კადრების მოძიება.

ზოგადად, მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრი ახალი სფერო ვითარდება აქტიურად. მათ შორის, ტექნოლოგიური სფეროები და ძალიან ბევრი ახალგაზრდა (და არა მხოლოდ), საქმდება ამ მიმართულებით. მაგალითად, ონლაინ გაყიდვებზე ორიენტირებული კომპანიები, ან ონლაინ მიტანის სერვისები ძალიან სწრაფად ვითარდება. შესაბამისად, ბევრი საკადრო რესურსი იქით წავიდა.

გარდა ამისა, IT სერვისები, სტრიმინგი, ბლოგერები, ძალიან ბევრი ისეთი ახალი მიმართულება შეიქმნა, სადაც არასრული განაკვეთით, არიან დაკავებულები და ნელ-ნელა უჭირს ტრადიციულ ბიზნესებს გამკლავება ამ ტიპის გამოწვევებთან,“ - ამბობს გიორგი ხაბაშვილი.

კითხვაზე, ონლაინ დამსაქმებლებთან შესაძლებელია თუ არა სახელფასო პოლიტიკით კონკურენციის გაწევა, რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს ტრადიციული ბიზნესისთვის - ძალიან რთულია.

„ძალიან რთულია, რომ ონლაინ ბიზნესს ტრადიციულმა ბიზნესმა კონკურენცია სახელფასო პოლიტიკით გაუწიოს. მოგეხსენებათ, პროგრამის დეველოპერები და სხვა მსგავსი მიმართულებები ძალიან გაძლიერდა, შესაბამისად, მოთხოვნა კიდევ უფრო იზრდება. ძალიან ბევრი ახალგაზრდა IT ბიზნესში მიდის, როგორც დასაქმებული, ან თავად აკეთებენ ასეთ ბიზნესებს. ამიტომ, ხელფასებით, მათთვის კონკურენციის გაწევა, ძალიან რთულია,“ - ამბობს გიორგი ხაბაშვილი.

ნინი ქეთელაური